ნობელიანტი ეკონომისტი გარდაიცვალა

ამერიკაში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი, ჰარი ბეკერი გარდაიცვალა.

ბეკერი პოსტვილში, პენსილვანიის შტატში, 1930 წლის 2 დეკემბერს დაიბადა. მისი მენტორი ცნობილი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი იყო.

მეცნიერს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის პრეზიდენტის ღირსების ორდენი 2007 წელს. ნობელის პრემია კი ბეკერს 1992 წელს მიანიჭეს.

ბეკერის სამეცნიერო ინტერესები ძირითადად ადამიანური კაპიტალის თეორიის შემუშავებას უკავშირდება. მისი დამსახურებაა, რომ ეკონომიკური ანალიზის მასშტაბები გაიზარდა მასში ისეთი დისციპლინების ჩართვით, როგორიცაა სოციოლოგია, დემოგრაფია და კრიმინალი.

ჰარი ბეკერის აზრით, ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, თუ დანაშაულის ჩადენის საფასური უფრო დაბალია, ვიდრე მისი არჩადენით მიღებული სარგებელი. ”გაუნათლებლობა, უმუშევრობა და ნარკოტიკები მიზეზშედეგობრივ კავშირშია სიღარიბესთან და დანაშაულის ჩადენის ფაქტორებს შეადგენს. სახელმწიფოს ფინანსური რესურსები სწორედ ზემოხსენებული ფაქტორების გაუვნებელყოფისაკენ უნდა იყოს მიმართული. ძალადობის პრევენცია ბევრად უფრო იაფია, ვიდრე მის შედეგებთან ბრძოლა”, - წერდა ბეკერი.