პირველი ქართული თვითმფრინავი "ლიზი" - როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ პირველი ქართული თვითმფრინავი შექმნა. ერთადგილიანი თვითმფრინავის შექმნის იდეა მეგობრებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა.

რამდენიმე დღეში კი პატარა, ლაჟვარდისფერი თვითმფრინავის პრეზენტაცია მალე შედგება - მას ციკოლიამ "ლიზი" უწოდა, თავისი პატარა ძმისშვილის პატივსაცემად...

კომპოზიციური მასალების სპეციალისტი - დემურ კეზუა წარმატებული პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, AMBEBI.GE-ს მკითხველს სწორედ ის უამბობს, როგორ შეიქმნა პირველი ქართული თვითმფრინავი.

"ეს იდეა ზვიად ციკოლიას დაახლოებით ათი წლის წინ გაუჩნდა. მეგობრები ისხდნენ, ლუდს სვამდნენ და მოაფიქრდათ თვითმფრინავი შეექმნათ... ზვიადმა მეორე დღესვე დაიწყო იდეის განხორციელება. ჯერ ინფორმაციის მოპოვება დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ ლითონის თვითმფრინავი ძალიან მძიმე იქნებოდა და შემდეგ კომპოზიციური მასალით შექმნა გადაწყვიტეს... მე ამ პროექტში დაახლოებით ორი წლის წინ ჩავერთე. ზვიადს რომ შევხვდი, იმ პერიოდში შეჩერებული იყო პროექტი მასალების და ტექნოლოგიების არქონის გამო. ისევ დავიწყეთ მუშაობა, გავაცოცხლეთ იდეა და ორი წლის განმავლობაში იმდენი მოვახერხეთ, რომ იანვარში უკვე ავფრინდებით!

- როგორი თვითმფრინავი იქნება?

- ვერ ვიტყვით, რომ სხვებისგან განსხვავებული და რაღაც სასწაული იქნება... პერსონალური, სასეირნო, ერთადგილიანი თვითმფრინავი იქნება. მსუბუქი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, კომპოზიციური მასალებით დამზადებული. თვითმფრინავი არ იჟანგება და კოროზიას არ განცდის... იმ ტექნოლოგიებს, რასაც 21-ე საუკუნე მოთხოვს, შეძლებისდაგვარად ვიყენებთ. დიზაინი აბსოლუტურად განსხვავებულია, ზვიად ციკოლიას ძალზედ საინტერესო დიზაინია. მეორეს ზუსტად ასეთს ვერსად ნახავთ... ჯერ თვითმფრინავი დასრულებული არ არის და რამდენიმე ქვეყნიდან უკვე გამოთქვეს დაინტერესება ინვესტორებმა...

- ჩვენი ქვეყნიდან რამდენად იყო მხარდაჭერა?

- სახელმწიფო გვერდით დაგვიდგა იმ მხრივ, რომ სამუშაოდ ტერიტორია გამოგვიყვეს. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მისი ინიციატივით 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე ფართი მოგვცეს... ქარხანაში მომსახურების მხრივაც გვეხმარებიან, რადგან იქ ბევრი ჩვენი მეგობარია. რაც შეეხება მასალებს და სხვადასხვა ხარჯებს, ამ მხრივ ერთ-ერთი ბანკი დაგვეხმარა. თვითმფრინავს კომპოზიციური მასალებით ვქმნით, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე არის დამყარებული და ეს ქარხანა არ არის ამ მხრივ აღჭურვილი. იხილეთ გაგრძელება