გასულ უქმეებზე ბიტკოინის ფასმა ახალი, მნიშვნელოვანი ბარიერი გადალახა, შემდეგ კი კლებისკენ წამოვიდა.
რეკორდული, 20 000 დოლარიანი ზღვარის გადალახვა, CME ჯგუფის ფიუჩერსების ბაზრის გახსნიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ფასმა სწრაფად მიაღწია 20 650 დოლარს, მაგრამ მალევე კლება დაიწყო და ნახევარ საათში 6 პროცენტით შემცირდა.
ვაჭრობის დაწყებისთვის, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის საწყისი ფასი 19 500 დოლარი იყო, სესიის დასასრულისთვის კი 18 805 დოლარამდე ჩამოვიდა. როგორც ყოველთვის, განსხვავებული ფასები ფიქსირდება სხვადასხვა პლატფორმებზე. ამ ეტაპზე CME-ს პლატფორმაზე, ბიტკოინის თებერვლის რეფერენსული ფასი (მყიდველისგან მოთხოვნილი ფასი, რომლითაც ვაჭრობა იწყება) 19 600 დოლარზე დგას, მარტისა 19 700 დოლარზე და ივნისისა - 19 900 დოლარზე.
CBOE-ს პლატფორმაზე, ბიტკოინის ფასი 18 890 დოლარის დონეზე დაფიქსირდა, რაც საწყის ფასზე 4.3 პროცენტით მეტია. CBOE-მ ციფრული ვალუტის ფიუჩერსებით ვაჭრობა, CME-ზე ერთი კვირით ადრე დაიწყო და მაშინ ფასის 20-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
„ბიტსტამპის“ სავაჭრო პლატფორმაზე, ბიტკოინის ფასი 18 650 დოლარია. არადა, ვაჭრობის განმავლობაში, 19 666 დოლარს მიაღწია. ბაზრის ანალტიკოსები თვლიან, რომ ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყება, ბიტკოინის და მთლიანად ციფრული ვალუტების ბაზარს დაასტაბილურებს და მისი რყევები ზომიერ ფარგლებში მოექცევა.
„ბლოკჩეინ კეპიტალის“ პარტნიორი ინვესტორი სპენსერ ბოგარტი თვლის, რომ ფიუჩერსების ბაზარზე ბიტკოინით ვაჭრობა დიდი აჟიოტაჟის გარეშე მიმდინარეობს. ამის მიზეზი ისაა, რომ დიდი ინვესტორების უმეტესობა, ჯერჯერობით თავს იკავებს საფინანსო ბაზრის ამ ახალ და ერთობ ხიფათიან სეგმენტში ჩართვისგან. სტაბილურობის მიღწევის კვალობაზე კი, მათი ინტერესი თანდათან გამოიკვეთება. CME-ს პირველ სავაჭრო დღეს, ბიტკოინზე სულ 590 კონტრაქტი გაფორმდა. CBOE-ზე კი კონტრაქტების რიცხვმა 4 000-ს მიაღწია.