მომავალ წელს ჩვენ გვექნება hr სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ბაღის თითოეულ თანამშრომელს ეცოდინება თუ როგორი არის მათი განვითარების კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა იგეგმება თუ არა მომავალ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა კადრების რეორგანიზაცია, თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება ან გაზრდა.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, იგი სამი კვირაა რაც სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა და პირველ რიგში hr სტრატეგიის ინიცირება მოახდინა.
“აღნიშნული ნიშნავს, რომ უკვე მომავალ წელს ჩვენ გვექნება hr სტრატეგია, რომლის მიხედვითაც თითოეულ თანამშრომელს ეცოდინება თუ როგორი არის მათი კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა. ასევე ეცოდინება მომავალ წელს რა იგეგმება მათ სახელფასო ფონდთან მიმართებაში“, - განაცხადა გვანცელაძემ.
კითხვაზე, აღნიშნული ნიშნავს თუ არა, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებულთ მომავალ წელს შესაძლოა გაეზარდოთ ხელფასები, გვანცელაძემ განაცხადა, რომ საჭიროა დაველოდოთ hr სტრატეგიის შემუშავებას.
„hr სტრატეგია ნიშნავს, რომ სხვადასხვა კომპონენტი ასახული იქნება ამ გეგმაში კვლევის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება დაელოდოთ hr სტრატეგიის შემუშავებას. 2018 წლის აქტივობები პირველ რიგში პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა გვანცელაძემ.