ეროვნული ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას იწყებს

საქართველოს მასშტაბით სტუდენტთა სტაჟირების პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტი ეროვნული ბანკის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს წარჩინებული სტუდენტების დასაქმების ხელმისაწვდომობას.

პროექტის მიხედვით, სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა მოქმედი სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია და რომლებიც უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების - საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსებისა და მარკეტინგის სპეციალობების დამამთავრებელ კურსზე სწავლობენ.

სტაჟირება ორ თვიან პერიოდს მოიცავს და მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. რეგიონში განთავსებული სასწავლო დაწესებულების სტუდენტები, ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სწავლისგან მოუწყვეტლად შეძლებენ ამ პროცესში ჩართვას. თავდაპირველად საქართველოს 9 რეგიონში, 16 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სულ 64 სტუდენტი გაივლის სტაჟირებას.

აღნიშნული პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა დასაქმების ხელმისაწვდომობას, ასევე დაეხმარება დამსაქმებლებს კვალიფიციური კადრების მოძიების, შერჩევისა და სამომავლოდ დასაქმების პროცესში.