“ნავთობიმპორტიორები მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ატყუებენ“

“ნავთობიმპორტიორები მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ატყუებენ“. ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ( აფბა) ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა საწვავის ბაზრის შემაჯამებელი კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევაში ნათლად ჩანს, რომ პრაქტიკულად, მთელი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესები დამოუკიდებლად ვითარდება და მეტწილად აცდენილია გლობალურ ტენდენციებს.

„ბაზრის მიმოხილვა დავიწყოთ 2016 წლის დეკემბრიდან ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც აქციზის გადასახადის ზრდა დაანონსდა, 2016 წლის დეკემბრის მიწურულს 6-მა ნავთობიმპორტიორმა, ერთბაშად გაზარდა ფასები, მაშინ როდესაც საწვავის ფასზე მოქმედი ყველა ძირითადი პარამეტრი უცვლელი იყო და ჯერ არც აქციზის ახალი განაკვეთები მოქმედებდა. 2017 წლის პირველი იანვრიდან, აქციზის ღირებულება, ერთ ლიტრ საწვავში გაიზარდა 15% -ით, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის იანვრის ბოლომდე კი საწვავის ფასი ქვეყანაში გაიზარდა 18.26% - ით. ამას ემატება იმავე პერიოდში თითქმის 10%-მდე შემცირებული ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე და 8%-ით გამყარებული ლარი.

2017 წლის იანვართან შედარებით, კომპანიებმა მდგომარეობა ხელოვნურად, კიდევ უფრო გაართულეს თებერვალში, რა დროსაც მათ საწვავის ფასი კიდევ 2 ჯერ დააკორექტირეს ზრდის მიმართულებით და იმ პერიოდში ერთი ლიტრი პრემიუმის ფასი 2.35 ლარს ასცდა. ამ მონაცემებში არაფერი იქნებოდა საგანგაშო, რომ არა გარემო ფაქტორები. სწორედ ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მეტად გამყარდა, საშუალოდ 10% -ით და მსოფლიო ბაზარზეც ბარელის ფასმა დაღმავალი ტრენდი განიცადა.

თებერვალსა და მარტში კომპანიებმა საწვავის ფასი კიდევ ორჯერ დააკორექტირეს და მარტის შუა რიცხვებში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 2.49 ლარს მიაღწია. იმ მომენტისთვის კომპანიების ქმედება კიდევ უფრო ბევრ ეჭვს აჩენდა, იმდენად რამდენადაც, იანვრის ბოლოდან მარტის ბოლომდე, ეროვნული ვალუტა 11%-ზე მეტით იყო გამყარებული და თუ იანვრის მიწურულს ერთი დოლარის შეძენა 2.71 ლარად იყო შესაძლებელი, მარტის მიწურულს ერთი დოლარის ღირებულება 2.44 თეთრს არ აღემატებოდა. მეტად საგულისხმოა, რომ ამ 2 თვიან მონაკვეთში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი პრაქტიკულად არ შეცვლილა და ბარელის ღირებულება 52 დოლარის ფარგლებში მერყეობდა,“-განაცხადა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, გაზაფხულიდან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო, ბარელის ფასი 42 დოლარს ჩამოსცდა და ნავთობის გლობალური გაიაფება ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდა, თუმცა კომპანიები არც ამ ტრენდს მიჰყოლიან ზედმიწევნით.

„თუ აპრილში, როდესაც ბარელის ფასი 53 დოლარს აჭარბებდა, ჩვენთან ერთი ლიტრი პრემიუმის ფასი 2.19 ფარგლებში მერყეობდა მაისში, როდესაც ბარელის ფასი 45 დოლარამდე დაეცა ჩვენთან, საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, ისევ უცვლელი იყო და ერთი ლიტრი პრემიუმის ფასი, საშუალოდ 2.19 ფარგლებში მერყეობდა. თვალსაჩინოებისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ ამავე პერიოდში ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.40 ფარგლებში მერყეობდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზაფხულის შემდეგ ნავთობის ფასმა გარდამავალი ტრენდი შეინარჩუნა რაც კომპანიებმა თავიანთ სასიკეთოდ, კიდევ ერთხელ გამოიყენეს და სექტემბერში მოგების მარჟამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. სექტემბრის ბოლოს არსებული მდგომარეობით ერთი ტონა ბენზინი 578 დოლარი ღირდა, მაშინდელი გაცვლითი კურსით თუ ვიანგარიშებთ, ერთი ტონა ბენზინის ფასი 1 433 ლარს შეადგენდა, ამ თანხას ცხადია ემატება გაზრდილი აქციზის გადასახადი, დღგ და ტრანსპორტირების ხარჯები, რა ყველა კომპანიისთვის განსხვავებულია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სექტემბრის ბოლოსთვის ერთი ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1.74 ლარს არ აღემატება. ეს მაშინ როდესაც საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2.45 ლარს აღწევდა. გაძვირების ახალი ტალღა ნოემბერში დაიწყო როდესაც ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ, საწვავის ფასი მკვეთრად გაზარდა და ნოემბრის მიწურულს ერთი ლიტრი რეგულარის ფასი 2.25 ლარს გასცდა. მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია, რომ საბუთუმო ბაზარზე იგივე ტიპის ბენზინი 1.95 ლარად იყიდებოდა ანუ 30 თეთრით უფრო იაფად.

რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, უკვე თვეზე მეტია რაც მსოფლიო ბირჟებზე ფასის მატების ტენდენცია შეჩერებულია და ტრენდს გარდამავალი კურსი აქვს, რომელიც თვეზე მეტია აღარ აღემატება ბარელზე 57 დოლარს. ამას ემატება, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება, რომელიც კვირაზე მეტია სტაბილურდება და საერთო ჯამში ეროვნული ვალუტა, თითქის 7 % -ით გამყარდა. აღნიშნული გარემოებები კი ისევ არ ისახება საწვავის საცალო ფასზე“, - აცხადებს ბაირახტარი.