სემეკ-მა ენგურჰესს წარმოების ტარიფი 1,496 თეთრიდან 1,818 თეთრამდე გაუზარდა

სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფი ობიექტურია და ამ ცვლილებას ველოდით, - ამის შესახებ ”ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ სემეკი-ს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მებონიამ აღნიშნა, მათთვის დაწესებული წარმოების ტარიფი შეესაბამება წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმას.

„ამ ცვლილებას ველოდით, ეს ცვლილება შეესაბამება ჩვენს მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმას და ამან უნდა უზრუნველყოს ყველა იმ პრობლემური საკითხის გადაწყვეტა და დასახული მიზნების განხორციელება, რაც საბოლოოდ მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან მებონიამ.

”ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა კომპანიის მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმაზე და აღნიშნა, რომ 2018-20 წლების განმავლობაში გათვალისწინებულია 134 მილიონი ლარის ინვესტირება. მისი თქმით, ამ თანხით მოხდება გვირაბის რემონტი, კაშხალზე სარემონტო სამუშაოები და ჰიდრომექანიზმების გამოცვლა, რაც წინა წლებში ვერ მოხდა.

სემეკ-მა ენგურჰესს წარმოების ტარიფი 1,496 თეთრიდან 1,818 თეთრამდე გაუზარდა.