აჭარაში ფერმერებზე ტექნიკის გაცემა დაიწყო

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში შესყიდულია 360 ერთეული იტალიური წარმოების, Meccanica Benassi-ს და Berbieri-ს ფირმის მრავალფუნქციური მოტობლოკი.

პროგრამა "სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა" ითვალისწინებს მოტობლოკების ფერმერებზე თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 30%) გადაცემას.

შესყიდული ტექნიკა გადანაწილებული იქნება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე.

"ეს პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა. შარშან 260 მოტობლოკი გადავეცით, ტექნიკამაც გაამართლა. დღეს კი 360 მოტობლოკს გადავცემთ ფერმერებს. მაღალმთიან რაიონებში განსაკუთრებით დგას აღნიშნული პროექტის განხორციელების აუცილებლობა. ინტერესი დიდი იყო, ამიტომაც აღნიშნული ტექნიკა ხუთივე მუნიციპალიტეტში გადავანაწილეთ. ჩვენი მიზანია, აჭარაში არც ერთი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი," - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ.