ჩამოყალიბდება სახელმწიფო სერვისები, რომლებიც დაეხმარება მოქალაქეებს, შესაბამისი ვაკანსიების მოძებნაში , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეს შეექმნება კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი პროფესიის დაუფლების ყველა პირობა.
„ახალგაზრდა და ზრდასრული მოქალაქეების დასაქმებისა და შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების მომზადების საპასუხოდ, სახელმწიფო უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს, განათლებას, სამუშაოს მაძიებელსა და ვაკანსიებს შორის. დასაქმების ეს სამკუთხედი „ერთი ფანჯრის“ პრინციპს დაეფუძნება, ჩამოყალიბდება სახელმწიფო სერვისები, რომლებიც დაეხმარება მოქალაქეებს, შესაბამისი ვაკანსიების მოძებნაში. თითოეულ მოქალაქეს შევუქმნით კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი პროფესიის დაუფლების ყველა პირობას. ამასთან, პროფესიული განათლება კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ საჭიროებებს მოერგება. გაგრძელდება დუალური, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა. განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაიზრდება გეოგრაფიული დაფარვა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელი.
გარდა ამისა, განათლების მინისტრობის კანდიდატმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის სკოლების გარდაქმნას საგანმანათლებლო ცენტრებად, რომელიც გააერთიანებს საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო ენის შესწავლას. მოზარდებთან ერთად, საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა ზრდასრულ მოსახლეობასაც შეეძლება“, - განაცხადა ჩხენკელმა.