საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც მივიღეთ, სარკისებურად ასახავს ჩვენს 4 - პუნქტიან გეგმას , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
,,ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დაფინანსებაც ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაფინანსდება სწორედ ამ რეფორმის შესაძლებლობით. გამომდინარე მაკროეკონომიკური ჩარჩოს გაუმჯობესებიდან, ჩვენ შევძელით, რომ პრაქტიკულად ყველა საფინანსო ორგანიზაციიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ლარიზაციის რეფორმას.
,,ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ 2016 წლის ბოლოს დავიწყეთ და 2017 წლის ბოლოს გავაგრძელეთ, არის ლარიზაციის რეფორმა. მე ვთვლი, რომ არის ძალიან წარმატებული რეფორმა. ამ მიმართულებით ჩვენ ათსაფეხურიანი მოქმედების გეგმა შევიმუშავეთ ეროვნულ ბანკთან ერთად და დავიწყეთ მისი იმპლემენტაცია. მათ შორის, დღეს უკვე გატარებული საკანონმდებლო ინიციატივით მოვახერხეთ ის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში პრაქტიკულად 70 % ლარში არის გადასული და ძალიან მალე, თითქმის მთელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება იქნება ლარში გადასული. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მოწყვლად ფენას არ ექნება შესაბამისი რისკის ფაქტორი საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, თქმით, ზოგადად, კომერციულ ბანკებში პორტფელის ლარიზაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია.
„ზოგადად ლარიზაციის, ან ეროვნულ ვალუტაზე ეკონომიკის გადაყვანის პროცესი ქვეყნებში გრძელდება 5-7 წელი. გვაქვს მაგალითებიც, როდესაც 10 წელიც გაგრძელდა. თუმცა ჩვენ, მოკლე პერიოდში საკმაოდ საგრძნობი შედეგები მივიღეთ. ჩვენ მხოლოდ ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის მიმართულებით, მთლიანი პორტფელი 54, 6 %-მდე გავზარდეთ. ამ მიმართულებით, როგორც მოგახსენეთ, ქმედებები და იმპლემენტაცია აუცილებლად გაგრძელდება, და შესაბამისად, მაქსიმალურად შევამცირებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარე ფაქტორებზე დამოკიდებულებას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლებლობა მოგვცა, 2016 წლის ნოემბერში განახლებულიყო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც წარმატებით დასრულდა უკვე 2017 წლის აპრილში.
„მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც მივიღეთ, სარკისებურად ასახავს ჩვენს 4 პუნქტიან გეგმას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.