"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი პოლიტიკოსებს თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებაში ადანაშაულებს

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე საჯარო მოხელეებს და პოლიტიკოსებს თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებაში ადანაშაულებს.

როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, თამბაქოს ბიზნესს წლების განმავლობაში მფარველობდნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და უკვე მმართველ გუნდშიც გაჩნდნენ თამბაქოს ბიზნესის ლობისტები.

"იაპონური თამბაქოს წარმოების საკომუნიკაციო დირექტორი კავკასიაში, ნიკო მჭედლიშვილი, რომელიც გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თანაშემწე, არის მთავარი ლობისტი დღეის მდგომარეობით, მთავრობასა და პარლამენტში. ასევე ლობისტები წლების განმავლობაში იყვნენ ჯანდაცვის სისტემაში. მაგალითად, იურიდიული სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, რომლებიც პირდაპირ ლობირებენ ამ საკითხებს, ასევე ეკონომიკის სამინისტროში ყოფილი მინისტრის მოადგილეები მატკავა და ჯანელიძე და დეპარტამენტის უფროსი ღოღობერიძე. პარლამენტში მმართველი გუნდიდანაც გამოჩნდა უკვე რამდენიმე დეპუტატი, ეს ძირითადად გახლავთ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ჯგუფი”,- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

მისივე თქმით, ლობისტები ჯანდაცვის სამინისტროდან მთავრობაში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის გადაგზავნას აბრკოლებენ და შესაძლებელია, აღნიშნული კანონპროექტის გადაგზავნა საგაზაფხულო სესიების დაწყებამდე ვერ მოესწროს.

გიორგი ბახტურიძემ ასევე მოუწოდა მთავრობას, მოიწვიოს სამთავრობო კომისია და მოხდეს ყველა ამ საკითხის ღიად განხილვა.