პარლამენტი საკუთარი დადგენილებით “პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსს“ მიიღებს. დადგენილების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები - ირინა ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი, კახა კუჭავა და გუგული მაღრაძე არიან.
ეთიკის კოდექსი არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.
ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, რომელთაც განიხილავს ეთიკის საბჭო, კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე.
კერძოდ, კოდექსის მიხედვით, დარღვევების შემთხვევაში განსაზღვრულია დისციპლინური სანქციები. კონკრეტულად: სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება; ხელფასის 10% დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით დაკავება და ოფიციალურ ვიზიტებში მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში მონაწილეობის შეჩერება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, პარლამენტის იმ წევრების სახელები, რომლებმაც დაარღვიეს ეთიკის კოდექსი, დარღვევის მცირე აღწერით და დისციპლინური სანქციის მითითებით პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. გარდა ამისა, ეთიკის საბჭო ვალდებული იქნება მოამზადოს საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელიც ასევე პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.