დედაქალაქში უკანონო მშენებლობების უკვე 500-მდე ფაქტი გამოვლინდა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, დედაქალაქში უკანონო მშენებლობების უკვე 500-მდე ფაქტია გამოვლენილი.

როგორც ბაგრატიონმა  განაცხადა, აქედან წარმოება ამ ეტაპზე 300 ობიექტზეა დაწყებული.

„არიან პიროვნებები, ვინც გამოჩნდნენ და ითხოვეს გონივრული ვადა შენობების დემონტაჟისთვის. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც იძახიან, დაგვიწერეთ ჯარიმა, დემონტაჟს არ გავაკეთებთო. რეკომენდაციის ვადა რომ დასრულდება, დოკუმენტაცია მიდის აღსრულების ბიუროში და ბიურო მოქმედებს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა ბაგრატიონმა.

რაც შეეხება თბილისის მერის განცხადებას, რომ გარკვეულ ჯგუფებს სოციალურად დაუცველი პირები თბილისში ჩამოჰყავთ და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონო მშენებლობას აწარმოებენ, ბაგრატიონმა განმარტა, რომ შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 500-მდე ასეთი შენობა-ნაგებობაა გამოვლენილი.

ამასთან, გიორგი ბაგრატიონის განმარტებით, სახელმწიფო მიწაზე ნებისმიერი ტიპის კონსტრუქციის დადგმა 10 ათასი ლარით ჯარიმდება.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, ბაგრატიონის თქმით, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა. 87 გაფრთხილება გაიცა, 27 ობიექტს კი ჩაბარდა შეჩერების დადგენილება.

„კონკრეტულ ობიექტებს კონკრეტული ვადები ეძლევათ მშენებლობის სიდიდიდან გამომდინარე. თუ არ გაითვალისწინებენ გაფრთხილებას, გააჩნია რომელი კლასის მშენებლობაა, ჯერ დაჯარიმდება, ხოლო შემდგომ შეუჩერდება მშენებლობის ნებართვა“, - განაცხადა ბაგრატიონმა.