ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან ბანკებმა ნოემბერში 7 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიიღეს

მიმდინარე წლის ნოემბერში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,713 მილიონი ლარით გაიზარდა.

კერძოდ, წინა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 48,121 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წლის ნოემბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 34,408 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, 2017 წლის ნოემბერში ბანკების შემოსავლებმა 320,813 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 271,266 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,313 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 7,840 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში ბანკებმა 1,312 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 717,235 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 566,584 მილიონი იყო.