ბიტკოინის ყველაზე მსხვილი ვებგვერდის დამაარსებელმა მისი ყველა ბიტკოინი გაყიდა

ემილ ოლდენბურგმა, რომელიც გახლავთ ბიტკოინის ყველაზე მსხვილი საიტის, Bitcoin.com-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მის ხელთ არსებული ყველა ბიტკოინი გაყიდა და ეს გადაწყვეტილება მარტივად ახსნა, რომ ეს ვალუტა არის ვირტუალურად გამოუსადეგარი.

მისივე თქმით, ბიტკოინი ყველაზე სარისკო ინვესტიციაა, რომელიც შეიძლება განახორციელო.

როგორც დასავლური მედია წერს, მიზეზებს შორის ოლდენბურგმა ასევე ახსენა ტრანზაქციების დროს ლოდინის დიდი დრო. მისივე თქმით, მან ტრადიციული ბიტკოინიდან გადაინაცვლა Bitcoin Cash-ში, რომელიც აგვისტოში შეიქმნა. მანვე დასძინა, რომ ეს ტრანსფერი მას საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა.

„როცა გავყიდე ჩემი ბიტკოინი, მე გადავიხადე 50 დოლარი და ველოდი 12 საათი ამ ტრანზაქციის განხორციელებას ძველ საიტზე, Bitcoin Cash-ში კი ეს გადასახადი ნაკლებია და სწორედ მასში ვხედავ მომავალს“ - განაცხადა ოდლენბურგმა.

შეგახსენებთ, ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც ფუნციონირებს ცენტრალური ბანკისა და სხვა რომელიმე კონკრეტული ერთი ადმინისტრატორის გარეშე. ტრანზაქციები ხდება პირდაპირ, კრიპტოგრაფის გამოყენებით და იწერება ბლოკჩეინის ბაზაში. დღეისათვის ერთი ბიტკოინის ფასი 20 ათასი დოლარის ფარგლებშია და ექსპერტების უმეტესობის ვარაუდით, მისი ზრდის ტემპიდან გამომდინარე ის მალე კრახს განიცდის.

კოკა კვირკველია