ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სასანქციო „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, კადიროვის გარდა სანქციები ასევე შეეხებათ: აიუბა კატაევას, იულია მაიოროვას, ანდრეი პავლოვს და ალეკსეი შეშენინს. განკარგულება ძალაში დღეიდან შედის.
„მაგნიტსკის კანონი“ ამერიკაში 2012 წელს მიიღეს. ეს გახლდათ ამერიკის რეაქცია საკონსულტაციო კომპანია Firestone Duncan-ის რუსი აუდიტორის, სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებაზე, რომელმაც გამოაქვეყნა სქემა, თუ როგორ ხდებოდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების დატაცება. სასანქციო ჩამონათვალში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ამერიკაში ჩასვლა და მათი აქტივები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იყინება.
ანალოგიური კანონი მოქმედებს კანადაში, ხოლო ევროკავშირში მიღებულია რეზოლუცია, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებებს რეკომენდაციას აძლევს, მიიღონ სპეციალური ზომები „მაგნიტსკის სიაში“ მოხვედრილი პირების წინააღმდეგ.
კოკა კვირკველია