საფინანსო საწარმოების შემოსავლებმა 4,4 მილიარდი ლარი შეადგინა

2016 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2 384 საწარმო ფუნქციონირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საწარმოთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 4,4 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან 71,1% იყო საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები, საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან 10,9%-ს შეადგენდა, ხოლო დარჩენილი 18,0% სხვა შემოსავლებზე მოდიოდა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, გასულ წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ხარჯებმა 3,62 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 35,4% საპროცენტო ხარჯებს წარმოადგენს.

რაც შეეხება ხარჯებს, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 720,7 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო საქონლისა და მომსახურების ყიდვებზე გაწეული ხარჯები 548,6 მილიონი ლარით განისაზღვრა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, 2016 წლის დასაწყისისათვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1, 22 მილიარდი ლარი ნაღდი ფულის სახით, ხოლო წლის ბოლოს მისი მოცულობა - 1,34 მილიარდ ლარს გაუტოლდა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2016 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ფიქსირებულ აქტივებში განხორციელდა 502,7 მილიონი ლარის ინვესტიცია. გასული წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1,42 მილიარდი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2016 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 36,9 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 59,1% ქალი იყო.