SGS-თან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს მხოლოდ 2011 წლის პირობებით განსაზღვრული საერთაშორისო ტრანსპორტირების ფარგლებში ტვირთების აღრიცხვას და არ მოიცავს სხვა არავითარ დამატებით ვალდებულებებს , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“შემოსავლების სამსახურსა და შვეიცარულ კერძო კომპანიას შორის ხელმოწერილი კონტრაქტი წარმოადგენს საიმპლემენტაციო ხელშეკრულებას იმ ყველასთვის კარგად ცნობილი ძირითადი კონტრაქტისა, რომელიც გაფორმდა 2011 წელს, რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს და რომლითაც აგრეთვე განსაზღვრული იქნა სავაჭრო კორიდორების ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები. SGS-თან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს მხოლოდ 2011 წლის კონტრაქტის პირობებით განსაზღვრული საერთაშორისო ტრანსპორტირების ფარგლებში ტვირთების აღრიცხვას და არ მოიცავს სხვა არავითარ დამატებით ვალდებულებებს. ტვირთების ტიპი, დრო და რეგულარულობა არის მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და არავითარი კავშირი არ აქვს შვეიცარულ კომპანიასთან“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე განცხადებით, სავაჭრო დერეფნები ასევე განსაზღვრულია 2011 წლის შეთანხმების თანახმად.
საკითხის კომენტირებისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება, და ყველა პარტნიორი, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში, პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
2017 წლის 19 დეკემბერს ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, გაიმართა მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი საქართველოს მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის რომლის დასასრულსაც, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა შესაბამის კონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი. 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისათვის, საჭიროა, რომ ასევე რუსეთის მხარემ ხელი მოაწეროს ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან და შესაბამისად, მხარეებმა დაიწყონ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.