გამოძალვა დაუბეგრავი მინიმუმის სახელით

არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ცნობილი ფაქტია, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ეს პროცესი 1 აპრილიდან დაიწყო და იმ მოქალაქეებს შეეხო, რომელთა შემოსავალიც 2013 წელს 6000 ლარზე მეტი არ ყოფილა. მათ დაუბეგრავი მინიმუმის სახით 360 ლარს აძლევენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

თავდაპირველად ეს ამბავი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა გაახმაურა. გელა მთივლიშვილის თქმით, საინფორმაციო ცენტრ "16-100"-ზე შესული ზარების შედეგად ნათელი ხდება, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელები თანამშრომლებისაგან დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ. ამის შემდეგ კი, ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი ფაქტები თბილისშიც ხდება:

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა გვითხრა, ამგვარი საჩივრით ”16-100”-ზე უკვე რამდენიმე ათეული ზარი შევიდა:

- საჩივრები შემოდის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, იყო შემთხვევა, როცა ერთი ორგანიზაციიდან რამდენიმე ადამიანმა დაგვირეკა. ზარები შემოვიდა არა მარტო კახეთის, არამედ ქვემო ქართლის რეგიონებიდანაც. თავდაპირველად გეტყვით, რომ ”16-100” ეს არის კერძო საინფორმაციო ცენტრი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს ემსახურება. ამ ნომერზე რეკავენ ადამიანები და სხვადასხვა საკითხის ირგვლივ ითხოვენ ინფორმაციას. რეკავენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოც: მოქალაქეები ასახელებენ ორგანიზაციებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და გვეუბნებიან, რომ ხელმძღვანელებმა დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვეს - ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციის ანგარიშზე, ხოლო ზოგჯერ - ხელმძღვანელისათვის პირადად გადაცემა, ერთი სიტყვით - ნაღდი ანგარიშსწორებით. (!) ისინი გვეკითხებიან, თუ რამდენად კანონიერია ეს მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპერატორები და იურისტები ეუბნებიან, რომ ამგვარი მოთხოვნა არ არის კანონიერი და რომ მათ არავითარი ვალდებულება არა აქვთ, ეს თანხა დამსაქმებელს გადასცენ. ამის შემდეგ კი ჩივიან, რომ დამსაქმებელთა მხრიდან ზეწოლას განიცდიან - ხელმძღავნელები ეუბნებიან, რომ თუ ამ თანხას არ დააბრუნებენ, 2-3 თვის განმავლობაში ხელფასს ვერ მიიღებენ, ან განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოუწევთ... ჩვენ უკვე ვიცით რამდენიმე ორგანიზაცია, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება, თუმცა, მათი გასაჯაროებისაგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. თუმცა, უმოქმედოდ მაინც არა ვართ: დავუკავშირდით მათ მენეჯერებს და ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია, სინამდვილეში რა ხდება. თუ ასეთი ფაქტები კიდევ განმეორდება, ჩვენ მათ სახელსა და ვინაობას აუცილებლად გავასაჯაროებთ. ეს ეხება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებს.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია, მიიჩნევს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია:

-მე არ ვიცი რომელი ჭკუათმყოფელი მოითხოვს უკან ამ 360 ლარს, ან რას ნიშნავს უკან დაბრუნება? - დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ამ ადამიანებს სახელმწიფომ გამოუყო იმის გამო, რომ კომპენსაცია გაუკეთოს თავისი მცირე შემოსავლის სანაცვლოდ. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მათი ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ საშემოსავლო გადასახადით არ უნდა იბეგრებოდნენ, მაგრამ მაინც იბეგრებიან და ამიტომ ამ თანხას უკან უბრუნებენ. აქედან გამომდინარე, ეს ფული დამსაქმებელს არ ეკუთვნის, ის არის კონკრეტული პიროვნების, ანუ დასაქმებულის საკუთრება. ასეთი რამ არასასიამოვნო და სამარცხვინოც კია ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს, რადგან ყოველივე ამას იურიდიულ ენაზე ”გამოძალვა” ჰქვია. თუ ეს ადამიანები ჩვენც მოგვმართავენ, აუცილებლად მხარში ამოვუდგებით: იურიდიულ კონსულტაციასაც გავუწევთ, დამსაქმებელთანაც მივალთ და ყველანაირად დავეხმარებით. თუ დასაქმებული და დამსაქმებელი გარიგებულები იყვნენ ერთმანეთთან და დოკუმენტაციაში რეალური ხელფასის ნაცვლად უფრო მცირე თანხა მიუთითეს, მაშინ ეს სხვა საქმეა, ეს უკვე თაღლითური გარიგებაა, რაც ასევე დანაშაულია. ერთი სიტყვით, ნებისმიერ სიტუაციაში კარგად გარკვევაა საჭირო. სხვათა შორის, ჩვენც მოგვმართეს ადამიანებმა, რომლებსაც ხელფასი ჰქონდათ 400-450 ლარი, მაგრამ დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ვერ მიიღეს. ჩვენ დავუკავშირდით დამსამქმებლებს და აღმოჩნდა, რომ მათ 2013 წლის განმავლობაში მიღებული ჰქონდათ ფულადი დახმარება, ან სარგებლობდნენ სამედიცინო დაზღვევით, რომელიც ასევე შემოსავლად არის მიჩნეული, ან კომპანია კვების თანხას უხდიდა, ან უფასო მგზავრობას უფინანსებდა და ა.შ. სახელმწიფოს მიერ დარიგებული დაუბევრავი მინიმუმის წართმევის ფაქტი კი ჩვენს ორგანიზაციამდე ჯერჯერობით არ მოსულა.

ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ქალბატონ ხატია მოისწრაფიშვილს, რომელიც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის აპარატის უფროსია:

- დღესდღეობით, დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ჩვეულებრივად გაიცემა: ჩვენს ვებგვერზე ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ახლდება ინფორმაცია შევსებული დეკლარაციების შესახებ, ხოლო ნახევარ საათში ერთხელ - გადარიცხული თანხის შესახებ. ამ ეტაპზე უკვე 430 ათასზე მეტი დეკლარაციაა მიღებული და ამ ადამიანების 1/3-ს დაუბეგრავი მინიმუმის თანხა უკან დაუბრუნდა. ფინანსთა სამინისტრომ ჩვენს მოქალაქეებს უკვე 55 მილონ ლარზე მეტი გადაურიცხა. თანხის გადარიცხვა ერთბაშად ვერ ხერხდება და ეტაპობრივად ხორციელდება. დაუბეგრავი მინიმუმის თანხას გავცემთ ჩვენივე ბაზაში დაცული ინფორმაციის მიხედვით. ჩვენთვის არ არის ცნობილი ფაქტები დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნების შესახებ და თუნდაც ვიცოდეთ, ეს მაინც არ არის კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული საქმიანობა. ჩვენ გავცემთ დაუბეგრავ მინიმუმის თანხას იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ჩვენს ბაზებში შემოვა. იყო შემთხვევა, როცა ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ მათ ეკუთვნით დაუბეგრავი მინიმუმი, მაგრამ როდესაც ვამოწმებდით, ხშირ შემთხვევაში მათი ხელფასის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ბაზებში საერთოდ არ იყო, ან მათი შემოსავალი მთელი წლის მანძილზე აღემატებოდა 6 ათას ლარს. ბოლოს კი ვიტყოდი, რომ დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის პირადი ურთიერთობა ჩვენი სფერო არ გახლავთ - ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება, და თუ ვინმეს ასეთი ინფორმაცია ექნება, შესაბამის სტრუქტურებს უნდა მიმართოს.

ხათუნა ჩიგოგიძე