პარლამენტმა მესამე მოსმენით ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც 82 ხმით მიიღეს.
ახალი კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს.
აღნიშნული კანონის მოქმედება გავრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პროფესიულ საჯარო მოხელეზე და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე. იქვე კეთდება იმ პირების ჩამონათვალი, ვისზეც კანონის მოქმედება არ გავრცელდება.
კანონპროექტი ასევე ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს.
განიმარტება საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობა და დანიშნულება, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლას დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლები. დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით.
განისაზღვრება კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით.
”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტის საფუძველზე ცვლილება 13 კანონში შევიდა.