ჯერ გაგვიჭირდება ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა. სამუშაო არის, სამსჯელო არის და რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც კონსულტაციები გაიმართება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის პოზიციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულმა ოჯახებმა საბავშვო ბაღებში გადასახადი უნდა გადაიხადოს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საუკეთესო გამოსავალი იქნება მოძებნილი.
„საუკეთესო გამოსავალს ვნახავთ. ზოგადად, რეფორმაა გასატარებელი სოციალურად დაუცველების მიმართულებითაც. მოძველდა ის არსებული სტატუსი და ვფიქრობ, ამას გადახედვა სჭირდება. ყველაფერი უნდა დავიწყოთ ბავშვებიდან, პატარებიდან, რომ იმათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს დახმარება და თანადგომა, სახელმწიფო ძალიან დიდ ფულს ხარჯავს და შესაბამისად, სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა. დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება", - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, რა ტიპის ოჯახებს და რა ოდენობის თანხას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერის განცხადებით, ეს იყო ზოგადი განცხადება, მასზე იქნება მსჯელობა.
"შესაბამისად, როდესაც გვექნება სრული სურათი, როდესაც გვეცოდინება რა პრობლემაა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები, აუცილებლად წარმოვადგენთ გეგმას, თუ რის განხორციელებას ვაპირებთ", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, როდესაც მუშაობა დასრულდება, ყველაფერი იქნება ცნობილი.