მიუხედავად იმისა, რომ დღეს დოლარის ინდექსი გაიზარდა, ამერიკული ვალუტა კვირას მაინც მინუსით ამთავრებს. რაც შეეხება ევროს, კატალონიაში ჩატარებულ არჩევნებში, რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრეთა გამარჯვების შემდეგ, ევროპული ვალუტის ღირებულება შემცირდა.
ესპანეთის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ არჩევნების შემდეგ, ის პარტიები, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს, ადგილობრივ პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავდნენ, რითაც წერტილი დაესმებოდა რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებულ კამპანიას. მაგრამ ასე არ მოხდა. სეპარატისტულად განწყობილმა პარტიებმა პარლამენტში 135-დან 70 ადგილი მოიპოვეს.
ამის შემდეგ, ევროს კურსი 0.2 პროცენტით შემცირდა და დღეს დილით 1.1849 დონეზე ჩამოვიდა, სადაც ამჟამადაც მერყეობს. სულ კი, ევროპული ვალუტა კვირის განმავლობაში 0.7 პროცენტით გაიზარდა.
რაც შეეხება დოლარს, მისი ინდექსი დღეს 0.12 პროცენტით გაიზარდა და 93.394-ს მიაღწია. სულ კი, კვირის განმავლობაში ამერიკული ვალუტის ინდექსი 0.5 პროცენტით შემცირდა.
დოლარზე ზეწოლა მას შემდეგ შემცირდა, რაც სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსება დაამტკიცა, რაც მთავრობის შეუფერხებლად მუშაობას უზრუნველყოფს.
დოლარის კურსი ასევე გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ კონგრესმა საგადასახადო რეფორმას დაუჭირა მხარი. ეს ბოლო 30 წელიწადში ყველაზე მასშტაბური რეფორმა იქნება, რომელიც შეერთებული შტატების საგადასახადო სისტემას შეეხება. მოსალოდნელია, რომ მისი დახმარებით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა დაჩქარდება.
გამოქვეყნდა აშშ-ის მშპ-ის მესამე კვარტლის მონაცემები, რომლებმაც აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკა, ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა. ეს კი კომპანიების გაზრდილმა ხარჯებმა განაპირობა.
ამ კვირაშივე, იაპონიის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, იენზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დარჩა. ამასთან, ბანკის შეფმა ჰარუჰიკო კუროდამ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ბანკი რბილი მონეტარული პოლიტიკის შეცვლას ჯერჯერობით არ გეგმავს.