ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის 40%-50%-ს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე კიბოს დიაგნოზს უსვამენ.
წარმოვიდგინოთ, რომ ექიმს აქვს შესაძლებლობა, გამოკვლევის გარკვეულ მეთოდებზე დაყრდნობით განსაზღვროს კიბოს რომელი წამლის მიღება იქნება საუკეთესო შედეგის მისაღებად. ეს არის ზუსტი მედიცინის მაგალითი: პიროვნების გენეტიკურ ინფორმაციასა და ქცევაზე დაყრდნობით დიაგნოზის დასმა და განკურნება.
ჩინეთი მსოფლიო ლიდერია ზუსტ მედიცინაში. ის დიდ თანხას აბანდებს სამეცნიერო კვლევებში, რათა უფრო ღრმად გაიგოს ადამიანთა ბიოლოგიური და გენეტიკური მონაცემების შემადგენლობა, შეაგროვოს ინფორმაცია, გააანალიზოს და შემდეგ მონაცემების გამოთვლის შედეგად მიაღწიოს აღმოჩენებს. ამ სამივე კომპონენტის გამოყენება აუცილებელია ზუსტ მედიცინაში წარმატების მისაღწევად.
2016 წელს ჩინეთმა ზუსტი მედიცინის განვითარება თავის 5 წლიან გეგმაში შეიტანა. სავარაუდოდ, ამ სფეროში კვლევების საწარმოებლად 60 მლრდ იუანი (9 მლრდ აშშ დოლარი) ჩაიდება. დაახლოებით 40 ქვეყანას აქვს ინიციატივა ზუსტი მედიცინის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩინეთი მათ შორის უმსხვილესია. შეერთებულმა შტატებმა 2016 წელს განაცხადა, რომ საწყისი თანხა, რომელსაც ამ სფეროში ჩადებდა 215 მლნ დოლარი იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს მიერ დახარჯულ ყოველ 1 დოლარზე ჩინეთი 43 დოლარს ხარჯავს.
ზუსტი მედიცინის დანერგვას შეუძლია გადატრიალება მოახდინოს ჯანდაცვის სფეროში. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ჩვეულებრივი წამლების მიღების ნაცვლად, რომლებიც განვითარდა ადამიანის საშუალო მოთხოვნებზე დაყრდნობით, მომავალში ჩვენს გენეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოწერილ წამლებს მივიღებთ. არსებული პრაქტიკის მიხედვით, დღეს ერთი და იგივე სიმპტომების მქონე პაციენტებს მსგავსი წამლები ენიშნებათ, ზუსტი მედიცინის მიზანი კი ის არის, რომ წამალი თითოეულ პაციენტს კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოუწერონ.