სოსო ფხაკაძე “ბიზნეს ასოციაციის” პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნეს წრეებში საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენია.
იგი 90-აინი წლებიდან ჩართულია ბიზნესსაქმიანობაში და კარგად იცნობს არსებულ სიტუაციას, კარგად იცის თუ რა მთავარი პრობლემები და მიღწევები აქვს ქართულ ბიზნესსექტორს ბოლო წლების განმავლობაში.
გაამართლა თუ არა ესტონური მოდელის ამოქმედებამ, რამდენად გამართულია ქართული საგადასახადო სისტემა, რატომ გვაქვს მუდმივად 4-5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რა პრობლემებს უქმნის ბიზნესს ლარის კურსის არასტაბილურობა, როგორი იყო 2017 წელი მისი ბიზნესებისთვის, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსებს” ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე ესაუბრა.
მიმდინარე წელს საქართველოში ამოქმედდა ესტონური მოდელი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა ხელისუფლებაც და ბიზნესიც, თუმცა ჯერ-ჯერობით განსაკუთრებულ შედეგებს ვერ ვხედავთ, თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო აღნიშნული რეფორმის გატარება?
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რეფორმის გატარება და მისი ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ საქართველოს “ბიზნეს ასოციაცია” იყო. ფაქტობრივად ყველა ბიზნესის წარმომადგენელი დადებითად აფასებს აღნიშნულ ინიციატივას. ერთი წელი არ არის საკმარისი პერიოდი იმისათვის, რომ რეფორმამ გამოავლინოს თავისი დადებითი მხარეები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლარის კურსის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად შეამცირა კომპანიების მოგება. შესაბამისად, წინა წლებში რომ განხორციელებულიყო ეს რეფორმა, დარწმუნებული ვარ უფრო კარგ შედეგს მივიღებდით. თუმცა, ეს მაინც იყო სახელმწიფოს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯი.
ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება კაპიტალის დაგროვება, გვჭირდება მდიდარი და წარმატებული ორგანიზაციები, რათა მათ ინვესტიციები დააბანდონ საქართველოში და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ.
მე, როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი ვამბობ, რომ რეინვესტიცია არის ყველაზე სწორი გზა სამომავლოდ. ამავდროულად, გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი საგადასახადო სისტემა რაც ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. გადასახადების დაბალი მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე ქვეყნების ხუთეულში. აღნიშნული რეფორმა კი აუცილებლად გამოიღებს თვალსაჩინო შედეგს შემდეგი სამი-ოთხი წლის განმავლობაში.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოში მოქნილი საგადასახადო სისტემაა, თუმცა საჭიროებს თუ არა ის სიახლეს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას?
ზოგადად, ყველა ბიზნესმენს უნდა გადასახადების კიდევ უფრო მეტად შემცირება, ეს ბანალური ჭეშმარიტებაა. საქართველოს საგადასახადო სისტემა, საგადასახადო განაკვეთების კუთხით არის მიმზიდველი როგორც ადგილობრივების, ასევე, უცხოელებისთვის. შემოსავლების სამსახური არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტრუქტურა საქართველოში. აქვე აღვნიშნავ, რომ “ბიზნეს ასოციაციის” 70 წევრის გამოკითხვის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დასახელდა ყველაზე ეფექტურ სააგენტოდ, რომელიც ნაყოფიერად თანამშრომლობს ბიზნესთან.
ბოლო წლებში მუდმივად გვაქვს 4-5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ფაქტია, ქვეყნის სათანადო განვითარებისთვის არ არის საკმარისი, თქვენი შეფასებით, რა უნდა გააკეთოს, რა რეფორმები უნდა გაატაროს დღევანდელმა ხელისუფლებამ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად?
საქართველო რომ განვიხილოთ როგორც ცალკე მდგომი ქვეყანა და არ გავითვალისწინოთ რეგიონში არსებული სიტუაცია, ეს იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი მსჯელობა. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე არის 4-5 %, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონში არსებული სიტუაცია და საქართველო არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე მდგომი ქვეყანა. იმ ნეგატიურმა ფაქტორებმა, რომელიც ჩვენ მეზობელ ქვეყნებს შეექმნათ, უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროცესებზე, შიდა სავალუტო ბაზარზე არსებულ კონიუნქტურაზე და ასე შემდეგ. ჩვენ, ბუნებრივია, გვინდა უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამისათვის ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ბიზნესმა.
როგორ შეაფასებდით ახალი ბიუჯეტს, თქვენი აზრით, რამდენად სწორია სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და საჭიროა თუ არა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება?
როგორც “ბიზნეს ასოციაციის” პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ასოციაციის წევრებთან ერთად ხშირად მეძლევა საშუალება სხვადასხვა ფორმატში შევხვდე მინისტრებს, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს და ვიცი, რომ მათი მიზანია რაც შეიძლება ეფექტური გახდეს სახელმწიფო სტრუქტურები – ხარჯების შეკვეცის და ხარისხობრივი პარამეტრების ზრდის მიმართულებით.რაც შეეხება ბიუჯეტს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ხელისუფლება სოციალურ პრობლემებს იგნორირებას რომ ვერ გაუკეთებს და ეს კარგად მესმის. სოციალურად ნაკლებად ორიენტირებული ბიუჯეტი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები. ჩემი აზრით, 2018 წლის ბიუჯეტი იმითაა გამორჩეული, რომ ყურადღება გამახვილებულია ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ინფრასტრუქტურის განვითარება და ინფრასტრუქტურაში როგორც ინვესტორის როლი სახელმწიფოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
მიმდინარე წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ლარის კურსის მუდმივი რყევა. რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური კურსი ბიზნესისთვის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად ?
ლარის კურსი არის ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი. სამწუხაროდ, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, კურსი არ არის სტაბილური და ეს ბუნებრივია, არავის აწყობს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ვართ პატარა, ღია ტიპის ეკონომიკა და ძალიან მძლავრად ვართ დამოკიდებული საგარეო შოკებზე და საგარეო ფაქტორებზე. მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარებაც დიდ გავლენას ახდენს ლარის კურსზე. მაგალითად, თურქეთში არსებულმა სიტუაციამ ცალსახა გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან ის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ინვესტიციებიც ნაკლები გვქონდა რეგიონიდან და იმ ქვეყნებიდან საიდანაც წინა წლებში შემოდიოდა, ვინაიდან მათ საკუთარ ქვეყანაში აქვთ პრობლემები.90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი მთავარი პრობლემა არის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. იმპორტული საქონელი აუცილებლად უნდა იყოს ჩანაცვლებული ადგილობრივით და სახელმწიფოს პოლიტიკაც უნდა იყოს ორიენტირებული სწორედ ამაზე. სხვათაშორის, მიმდინარე თვეში “ბიზნეს ასოციაციის” ფორმატში ჩვენ შევხვდით ფინანსთა მინისტრს მან საკმაოდ მნიშვნელოვანი გაცხადება გააკეთა, რომ ამ წლის მეორე კვარტალში პირველად მიმდინარე ანგარიშის ოპერაციებში დაფიქსირდა დადებითი სალდო. როგორც თავად განაცხადეს ეს მოხდა ბოლო 27 წლის განმავლობაში პირველად.
მიმდინარე წელს აქციზი გაიზარდა საწვავზე, რამდენად სწორი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ არა ლარის კურსის მერყეობა და გაზრდილი აქციზი, გვექნებოდა თუ არა გაცილებით დაბალი ფასები საწვავზე?
ფისკალური პოლიტიკის ფორმირებას, ბუნებრივია, თავისი კანონზომიერება გააჩნია. ძალიან რთულია ბიზნესმენის გადმოსახედიდან შეაფასო თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო აქციზის ზრდა, მით უმეტეს, ამას თავისი წინაპირობები აქვს და მის განმაპირობებელ მიზეზებზე ჩვენ სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ.ეს არ იყო კატასტროფულად მძიმე გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, თუმცა მე არ მეგულება ბიზნესმენი რომელსაც გაუხარდება გადასახადების ზრდა. საწვავზე გაზრდილმა აქციზმა გარკვეულწილად შეამცირა იმპორტის მაჩვენებელი, თუმცა მანქანების რაოდენობის ზრდის ტემპით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც გარდაუვალი და შეუქცევადია, ჩვენ ისევ გავალთ იმ შედეგებზე რომელიც იყო წინა წლებში იმპორტის კუთხით.
როდესაც ექსპორტ-იმპორტზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ “ვენდი’ს” და “დანკინ დონატსი”. კომპანიები, რომელებმაც იმპორტირებული პროდუქცია სრულად ჩაანაცვლეს ადგილობრივით. რა მოუტანა ამ ფაქტმა თავად კომპანიას, რა მიიღო მომხმარებელმა და რაც მთავარია, რა მიიღო ქვეყანამ?
“ვენდის” შემთხვევაში, მთელ სხვა რიგ პროდუქტებთან ერთად ადგილზევე ხდება საქონლისა და ფრინველის ხორცის, პურების წარმოება რომელიც ბურგერებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება “დანკინ დონატსს”, ერთ წელზე მეტია რაც გავაკეთეთ ჩვენი ქარხანა დონატებისთვის, რესტორანში 30 სახის სენდვიჩია წარმოდგენილი გვაქვს ხაჭაპური, ლობიანი, კარტოფილის ღვეზელი და “დანკინ დონატსიც” უკვე სრულმასშტაბიან რესტორნად გადავაქციეთ.
რაც მთავარია, როგორც “ვენდისში”, ასევე “დანკინ დონატსში” იმპორტი სრულად ჩავანაცვლეთ ქართული პროდუქციით, რამაც მილიონობით ლარი მოუტანა საქართველოს. ეს არის პროდუქციის ღირებულება, ტრანსპორტირების ხარჯი და ასე შემდეგ, რისი დამსახურებითაც ძალიან დიდი ოდენობით თანხები დარჩა ეკონომიკაში, რომელიც მანამდე უმეტესად უცხოეთში გადიოდა. ყველა კომპანია რომ ჩვენს მსგავსად მოიქცეს, წარმოიდგინეთ რა ოდენობის თანხების აკუმულირება მოხდება ქვეყნის ეკონომიკაში.
სწორედ მსგავსი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა დაბალანსდეს მიმდინარე ანგარიშის ოპერაციები და საბოლოო ჯამში მივიღოთ სტაბილური ლარის კურსი. სხვა შემთხვევაში ყოველთვის იქნება პრობლემა და ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება საგარეო შოკების პერიოდში. უნდა მოხდეს მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დაბალანსება და ამისთვის ბევრი უნდა გააკეთოს, როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესსექტორმაც. ამასთანავე, ჩვენს რესტორნებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ სურსათის უვნებლობაზე რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია. ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ სრულიად უსაფრთხო და ახალ, ქართულ პროდუქციას შეიძენს ჩვენს რესტორნებში. როგორც სოკრატე ამბობს: “ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია”. შესაბამისად, მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ჯანსაღი პროდუქცია მივაწოდოთ მომხმარებლებს.
“ვენდის” განვითარებას თავისი გეგმა აქვს. შემდეგი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ვაპირებთ ქსელის გაორმაგებას. ამისათვის უკვე ყველა ადგილი შერჩეულია. ასევე ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკების შემდეგ, დავიწყეთ ბენზინგასამართ სადგურებთან არსებულ პატარა “სმარტებში” “დანკინ დონატსის” ინტეგრაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება დონატების, ყავის სრული ასორტიმენტი, და ფრანგული სასმელები.
გააგრძელებს თუ არა “სმარტი” მცირე სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას და, ზოგადად, რა სიახლეებს გეგმავთ?
ჩვენ, სტრატეგიულ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი “კარფურთან”. გავაფორმეთ ხელშეკრულება, როგორც მეიჯარემ და მოიჯარემ. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ახალი პროექტების განხორცილებას “კარფურთან” ერთად, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება.
გარდა ამისა, ჩვენი სავაჭრო ცენტრები სრულად დაიტვირთა მას შემდეგ რაც “კარფური” შემოვიდა. სადაც აშენდება სავაჭრო ცენტრები და განთავსდება “კარფური”, ყველგან იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმატისა და ზომის “დანკინ დონატსი” და ” ვენდი”. რაც შეეხება “სმარტს”, ჩვენ დავუბრუნდით იმ ფორმატს საიდანაც დავიწყეთ. გვქონდა 10 პატარა და 6 დიდი ფორმატის მაღაზია, ამ ეტაპზე დიდი ფორმატიდან გავედით და დავუბრუნდით საწყის ფორმატს. მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გავხსენით “სმარტის” პატარა ფორმატის მაღაზია და როგორც დავაანონსეთ, “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურებზე კიდევ გაიხსნება “სმარტის” ახალი სუპერმარკეტები.
რატომ არის ჩვენთვის პატარა სუპერმარკეტები უფრო მიმზიდველი – ამ შემთხვევაში მცირდება საოპერაციო ხარჯები, “ვისოლი” და “სმარტი” ერთმანეთს ეხმარებიან კლიენტის მოზიდვაში და როგორც ჩვენი დაკვირვებით ჩანს ის ავტოგასამართი სადგურები სადაც “სმარტია” განთავსებული, გამოირჩევიან გაყიდვებით. მცირე ფორმატის სუპერმარკეტების მშენებლობა ჩვენთვის შედარებით იოლია, რადგან გვაქვს უძრავი ქონება ავტოგასამართი სადგურების სახით, საინვესტიციო ხარჯები არის გაცილებით დაბალი, საოპერაციო ხარჯები ნაკლებია და საბოლოო ჯამში, “ვისოლთან” არსებული სუპერმარკეტების მეშვეობით ვიღებთ სტაბილურ შემოსავალს და მოგებას.
თქვენ დაიწყეთ “ეკოს” ბრენდის განვითარება და “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგურების ნაწილის ჩანაცვლება, რა ხდება ამ მიმართულებით?
ამ მიმართულებითაც საკმაოდ პრაგმატული გეგმები გვაქვს, ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია “ეკოს” ბენზინგასამართი სადგური სადაც ველოდებით პროცესის დასრულებას და ამის შემდეგ დავინახავთ უფრო ზუსტ რეალობას. ვგეგმავთ სიახლეებს “ეკოს” ავტოგასამართ სადგურებზეც, მოვახდენთ ახალი პროდუქციის შემოტანას საბერძნეთიდან, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ერთი ლიტრით მეტი მანძილი გაიარონ და 8-10%-ით გაუმჯობესდება ეფექტურობა. ჩვენ შეთანხმებული ვართ “ეკოს” პრეზიდენტთან და ხელმძღვანელობასთან, როდესაც დაიდება პირველადი შედეგები ამის შემდეგ მივიღებთ “ეკოს” ქსელის განვითარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.რა პრობლემების და გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და ბიზნესი და პირველ რიგში რა უნდა გამოსწორდეს ხელისუფლების მხრიდან 2018 წელს?
ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან და, რაც მთავარია, ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ერთად ვსახავთ ამოცანებსა და გეგმებს. უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ხარისხი ნამდვილად გაუმჯობესდა და სხვა სტანდარტზე ავიდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ნებისმიერი პრობლემიდან არსებობს გამოსავალი, მთავარია ადამიანებს ერთმანეთთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. დეკემბრის თვეში ასოციაციის ფორმატში სამი შეხვედრა გაიმართა მინისტრებთან და ახალ მერთან. ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა ვსაუბრობდით ღიად არა მარტო დღეს არსებულ პრობლემებზე, არამედ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. ეს კომუნიკაცია კი, რა თქმა უნდა, სიკეთეს მოუტანს თითოეულ ბიზნესკომპანიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ისეთი ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც გამოწვევების წინასწარ წინასწარმეტყველება რთულია, იგი შესაძლოა დღეს საერთოდ არ ჩანდეს და უცაბედად იჩინოს თავი. მთავარია, მობილიზებული იყოს ხელისუფლებაც, ბიზნესიც და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით ყველა პრობლემას დავძლევთ.გიორგი კაპანაძე