კახეთში იტალიური კალიის მასობრივ გამოჩენას ელოდებიან

იტალიური კალია განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ანადგურებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ფიტოსანიტარმა სპეციალისტებმა კახეთის რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლის, იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები დაიწყეს.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში კალიების გავრცელების სუსტი კერები შეინიშნება, თუმცა სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - ალაზნის ველზე გამოვლინდა იტალიური კალიის ძლიერი, 98% სიცოცხლის უნარიანი კვერცხდების კერა. ამ ადგილებში უკვე შეინიშნება ასევე მავნებლის გამოჩეკვის ერთეული შემთხვევა, რაც, სპეციალისტების განმარტებით, მავნებლის მასობრივ გამოჩენას მოასწავებს.

სააგენტოს ინფორმაციით, იტალიური კალია გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მავნებლის გავრცელების ადგილების ქიმიური დამუშავება 26 000 ჰა ფართობზე. შექმნილია ასევე მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას.