თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე კომპანია ”ელფის” მიერ თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბადრი გიორგიძის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს არ ეთანხმებადა აცხადებს, რომ სკოლამდელ აღსაზრდელთა კვების მომსახურებაზე ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
„მე არ დავეთანხმები ბრალდებებს. ახალი ტენდერია გამოცხადებული და მგონი, უკვე დასრულების ეტაპზეა. რაც შეეხება კომპანია „ელფს“, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს, ისინი თვლიან, რომ ყველაფერი სწორად აქვთ, ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს და შესაბამისად, მოხდება საკითხზე რეაგირება. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, კომპანია “ელფი” თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ბადრი გიორგიძეს სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესების გამო კომპანიის საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
როგორც კომპანიის დირექტორი თინათინ პაპუაშვილი აცხადებს, გიორგიძე სკოლამდელ აღსაზრდელთა კვების მომსახურებაზე ტენდერში მონაწილეობაში სხვადასხვა უკანონო მეთოდით ხელს უშლის.
მისივე ინფორმაციით, 21 დეკემბრს, 42- მილიონიანი ტენდერის დაწყებამდე 2 საათით ადრე, მერიის მოთხოვნის საფუძველზე კომპანიის ოფისში პროკურატურა ელექტრონული ინფორმაციის ამოღების მოთხოვნით შევიდა. პაპუაშვილის თქმით, უნდა წაეღოთ ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ისიც, რაც ტენდერზე უნდა აეტვირთათ.
მისივე განმარტებით, გიორგიძე გასული წლის ტენდერიდანაც ცდილობდა “ელფის” ჩახსნას, თუმცა ვერ მოახერხა.