ჩინეთის ფინანსური ჰაბის, შანჰაის ხელისუფლებას, ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის შეზღუდვა აქვს გადაწყვეტილი.
ქალაქის ხელისუფლებას დასახული აქვს მიზნად, რომ 2035 წლისთვის შანჰაის მოსახლეობის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 მილიონს. გეგმის შესაბამისად, ამან შანჰაი „დიდი ქალაქის დაავადებისგან“ უნდა იხსნას.
შანჰაის ხელისუფლებამ დაამტკიცა 2017-2035 წლებში ქალაქის განვითარების გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც, მოსახლეობის რაოდენობის მკაცრი კონტროლია. გარდა ამისა, გეგმა ქალაქის ფართობსაც ზღუდავს - ის არ უნდა იყოს 3 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი.
ჩინური მედიის განსაზღვრებით, „დიდი ქალაქის დაავადების“ სიმპტომებია: გარემოს დაბინძურება, გადატვირთული გზები და საზოგადოებრივი სერვისების ნაკლებობა, რაც მოიცავს განათლებას და სამედიცინო მომსახურებას. გარდა ამ პრობლემებისა, ჩინეთის ბევრ დიდ ქალაქში მნიშვნელოვნად იზრდება საცხოვრებლის ფასი.
სააგენტო სინჰუას ინფორმაციით, 2015 წლის ბოლოს, შანჰაის მოსახლეობის რაოდენობა 24.15 მილიონს შეადგენდა. მოსახლეობის რიცხვის შეზღუდვის გარდა, ქალაქის ხელისუფლების მიერ შედგენილი გეგმა, ქალაქის ძველი უბნის დაცვასაც ითვალისწინებს.
მერაბ ლორთქიფანიძე