ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ოფიციალურად გაიხსნა.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იუწყება, ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.
„დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას ასეთი საჩუქრისთვის. აქ არის სამი საცხოვრებელი კორპუსი, ერთი ადმინისტრაციული კორპუსი, სადაც მოეწყობა ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, კომპიუტერული ოთახი. ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 50 სტუდენტი უკვე ცხოვრობს კომპლექსში. ყველა კორპუსშია სასადილო და სამრეცხაო ოთახები. ყველგან კომფორტული გარემოა. მერია გვპირდება, რომ მალე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმოძრავებს. ყველაფერი არის მოწყობილი კარგი სწავლისთვის და კარგი დასვენებისთვის“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს თსუ 99 წლის იუბილეზე გადასცა.
„ეს გახლავთ თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი საცხოვრებელი. პირველ რიგში, მინდა მივულოცო სტუდენტებს, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მალე დაიწყება მუშაობა ახალ, უფრო ფართომასშტაბიან პროექტზე - ეს გახლავთ 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ეს, რასაკვირველია, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის. ახალი საერთო საცხოვრებლით სარგებლობის საშუალება ექნებათ არამარტო თსუ -ს, არამედ სხვა უმაღლესი სასწავლების სტუდენტებსაც“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. გათვალისწინებულია საზოგადოებრივი/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა და სპორტული მოედანი.
„მსგავსი კომპლექსების არსებობის აუცილებლობა ყოველთვის იყო. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი სტუდენტების ხელშეწყობისთვის. ეს ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად ვიყოთ მოტივირებულები, კონცენტრირებულები საკუთარ საქმეზე, სწავლაზე და გავხდეთ საკუთარი საქმის პროფესიონალები“, - აღნიშნა თსუ-ის სტუდენტმა ვიქტორია ბარათაშვილმა.
ღონისძიების მიმდინარეობისას ლისის საერთო საცხოვრებლის სპორტულ მოედანზე გაიმართა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ტურნირის Liga TSU-ს ფინალური მატჩი თსუ საფეხბურთო გუნდებს - იურიდიული ფაკულტეტის „კოლოკვიუმსა“ და ტურიზმის სკოლის „სიამსკის“ შორის. Liga TSU- ტურიზმის სკოლის გუნდმა „სიამსკიმ“ მოიგო. საზეიმო ღონისძიება მუსიკალური ბენდი „ლაბირინთის“ კონცერტმა დაასრულა.