GROSH-ი ნატურალური ტყავისგან დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების სტარტაპია, რომლის პროდუქციაც ბაზარზე ათი თვის წინ გამოჩნდა.
სტარტაპის ავტორები ახალგაზრდა წყვილი გვანცა ფანცხავა და გიორგი გურგენიძე არიან. როგორც ისინი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, საქმიანობის დაწყება აქსესუარების საკუთარი ხელითა და დიზაინით შექმნის სურვილმა გადააწყვეტინათ.
„ნატურალური ტყავის აქსესუარები ორივეს მოგვწონდა, ამასთან ძალიან გვინდოდა რომ აქსესუარები საკუთარი ხელითა და დიზაინით შეგვექმნა. შესაბამისად, ნელ-ნელა ჩვენი სურვილის რეალობად გადაქცევა დავიწყეთ. რაც შეეხება სტარტაპის სახელს, Grosh-ის წარმოებაში ძირითადი წილი საფულეების დამზადებას უკავია, ამიტომ ბრენდის სახელიც ფულის ერთეულს დავუკავშირეთ. გარდა ამისა, სიტყვა „გროში“ გასაგებად და აღსაქმელად მარტივია, რაც ბრენდად ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია,“-აღნიშნაvs გვანცა ფანცხავა.
მისივე თქმით, საქმიანობის დაწყების პროცესში არაერთი სირთულე შეხვდათ და საქმიანობის წამოწყება შეზღუდული ფინანსური რესურსებით მოუწიათ. ამასთან, როგორც ფანცხავამ განაცხადა, არც ტყავზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და ყველაფრის დამოუკიდებლად, ინტერნეტის დახმარებით სწავლა მოუწიათ.
„რაც შეეხება პროდუქციას, მომხმარებელს, მაღალი ხარისხის ქართული წარმოების ნატურალური
ტყავისგან დამზადებულ მამაკაცისა და ქალის ხელნაკეთ აქსესუარებს ვთავაზობთ. როგორებიცაა საფულეები, ჩანთები, სამაჯურები და საბარათეები. ახლო მომავალში კი მომხმარებლებს ქამრებსაც შევთავაზებთ. თითოეული აქსესუარის დამზადებას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, რადგან თითოეული დეტალი ხელით მუშავდება,“-აცხადებს სტარტაპერი.
„გროშის“ სახელოსნო/მაღაზია, კავსაძის ქუჩაზე მდებარეობს, თუმცა, პროდუქციის გაყიდვა ამ ეტაპზე ძირითადად სოციალურ ქსელ - Facebook-ის მეშვეობით ხდება.
„2018 წლიდან სახელოსნო-მაღაზიის მზა აქსესუარებით სრულად შევსებას ვგეგმავთ, რათა ჩვენთან მოსულმა მომხმარებელმა პროდუქციის ნახვა, შეფასება და შეძენა ადგილზე შეძლოს. რაც შეეხება ფასებს, ქართული ბაზრისთვის საშუალოა და საფულეების შემთხვევაში 75 ლარიდან 200 ლარამდე, ხოლო ჩანთების შემთხვევაში 150 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს. „გროში“„თიბისი ბანკის“ პროექტ სტარტაპერის მონაწილეცაა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს განვითარებისკენ მიმავალი გზა უფრო გაიმარტივოს და სტარტაპიდან სრულფასოვან საშუალო ან დიდ ბიზნესად გარდაიქმნას. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მხოლოდ საბანკო მომსახურებით ვსარგებლობთ, თუმცა ვმუშაობთ წარმოების და ბაზრის წვდომის ახალ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც სტარტაპ სესხის, სტარტაპ ლიზინგის, სტარტაპ კვლევის სერვისების გამოყენებაც განიხილება,“-ამბობს გვანცა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქართული ბრენდი მომავალში ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალურად ათვისებასა და პროდუქციის რეგიონის ქვეყნებში გატანასაც გეგმავს.
თაია არდოტელი