საბჭოთა კავშირი მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო იყო, რომელიც 15 რესპუბლიკისაგან შედგებოდა.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ ეს რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. რომელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მდიდარი? - ამის თაობაზე ინფორმაცია ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი მაკალათიამ მოგვაწოდა. „მოსახლეობის ცხოვრების დონის ამსახველი ზოგადი მაჩვენებელია მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), რომელიც გვიჩვენებს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესაც. მშპ-ის ერთ მოსახლეზე განაწილებით პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო მე-10 ადგილზეა და მეზობელი ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთს უსწრებს“ - აღნიშნა მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას. ირაკლი მაკალათიას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მშპ ერთ მოსახლეზე (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით) პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ასე გამოიყურება:
1. ესტონეთი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 25 795 დოლარი
ეკონომიკური თავისუფლება, გამარტივებული საგადასახადო სისტემა, უცხოური ინვესტიციებისადმი გახსნილობა და ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი ხელს უწყობს ესტონეთის ეკონომიკის წინსვლას. ყველაზე მაღალი საშემოსავლო და კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი ამ ქვეყანაში 20 პროცენტია. გაუნაწილებელი მოგება კი არ იბეგრება. ესტონეთის სახელმწიფო ვალის მოცულობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მშპ-ის 10.1 პროცენტს შეადგენს.2. ლიტვა - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 24 303 დოლარი
ლიტვამ, მიუხედავად გლობალური და რეგიონული გამოწვევებისა, კორუფციის აღმოფხვრით, ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფო ხარჯების შემცირებითა და მასზე მაქსიმალური კონტროლით გაიუმჯობესა მაკროეკონომიკური მდგომარეობა. ლიტვის ექსპორტის 30%-ზე მეტი ნავთობზე მოდის, ხოლო დამუშავებულ და გადაუმუშავებელ საკვებ პროდუქტებზე - 16,9%. ლიტვა 2016 წლიდან აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და ბუნებრივი აირის იმპორტს ნორვეგიიდან ახორციელებს.3. რუსეთი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 21 722 დოლარი
რუსეთის ეკონომიკას მკვეთრად ამუხრუჭებს სამთავრობო შეზღუდვები, ხოლო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ინფლაციის მაღალი დონე აფერხებს. კერძო სექტორის განვითარებას რუსეთში სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ინსტიტუციები უშლიან ხელს. რუსეთის ეკონომიკა ქვეყანაში არსებულ ბუნებრივ რესურსებზე დგას, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტს ამ ქვეყნის ექსპორტის 70% უჭირავს. ინვესტიციების შემოსულობები არ არის გამჭვირვალე და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაშია. ფინანსური სექტორი მთლიანად ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება, საბანკო სექტორშიც ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ბანკები დომინირებენ.4. ლატვია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 19 904 დოლარი
ლატვიის ეკონომიკის მზარდ განვითარებას გლობალური ვაჭრობა და ინვესტიციების ზრდა უწყობს ხელს. ხელისუფლება მკაცრი ფისკალური პოლიტიკით აკონტროლებს სახელმწიფო ხარჯებს და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ლატვიის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ კერძო სექტორი უფრო მომგებიანი გახდეს, თუმცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში ცუდი მმართველობა და არაეფექტურობა კვლავაც პრობლემად რჩება. ლატვიას აქვს კარგად განვითარებული მრეწველობა, ამ ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზეა სოფლის მეურნეობაც - ეს დარგი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებს.5. ბელორუსი - მშპ ერთ მოსახლეზე 19 478 დოლარი
ყოფილმა საბჭოთა ბელორუსმა ეკონომიკის დერეგულაციაში უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია, თუმცა უფრო ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა აქ პრიორიტეტად არასოდეს ყოფილა აღიარებული. სახელმწიფოს მაქსიმალური ჩართულობა და სრული კონტროლი ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ბელორუსში კერძო სექტორიც სუსტად არის განვითარებული. ქვეყანაში კვლავ მაღალ დონეზეა კორუფცია და გაზრდილია სახელმწიფო ვალის მოცულობაც. „საბაზრო სოციალიზმის“ მშენებლობა ამ ქვეყანაში არც თუ დიდი წარმატებით მიმდინარეობს. თანამედროვე ბელორუსი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობაა განვითარებული.“ბოლოს კი, გთავაზობთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეიტინგს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის რაოდენობის მიხედვით:
6. ყაზახეთი - 18 363 დოლარი
7. აზერბაიჯანი - 12 119 დოლარი
8. თურქმენეთი - 10 193 დოლარი
9. უკრაინა - 9 594 დოლარი
10. საქართველო - 7 545 დოლარი
11. სომხეთი - 6 609 დოლარი
12. მოლდოვა - 4 465 დოლარი
13. უზბეკეთი - 4 456 დოლარი
14. ყირგიზეთი - 3 097 დოლარი
15. ტაჯიკეთი - 2 494 დოლარი
ხათუნა ჩიგოგიძე