2017 წელს 24 ტოტალიზატორი და 11 სამორინე დაჯარიმდა

მიმდინარე წელს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელი 225 ობიექტი შემოწმდა.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე 133 ნებართვის მფლობელი პირი დაჯარიმდა, ფულადმა სანქციამ კი ჯამში, 268 ათასი ლარი შეადგინა.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ცნობით, საანგარიშო პერიოდში 24 სამორინე ფუნქციონირებდა, რომელთაგან 11 ობიექტი, ჯამში 90 ათასი ლარით დაჯარიმდა. 86 ტოტალიზატორიდან, დარღვევების გამო, 56 ათასი ლარით დაჯარიმებულია 24 ობიექტი. ამასთან, მიმდინარე წელს ქვეყანაში 72 სათამაშო აპარატის სალონი იყო, რომელთა შემოწმების შედეგადაც, 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა 32 შემთხვევაში გამოიწერა. წამახალისებელი გათამაშების მფლობელი 27 პირის შემოწმების შედეგად, საჯარიმო სანქცია - 58 ათასი ლარის ოდენობით, 54 შემთხვევაშია გამოწერილი.

რაც შეეხება სხვა აზარტულ და მომგებიან თამაშობებს, 5000 – 5000 ლარიანი ჯარიმებია გამოწერილი ლოტოსა და ბინგოს ობიექტების შემოწმებისას. გარდა ამისა, 2017 წელს ორი აზარტული კლუბიდან ორივე დაჯარიმდა, ჯამში 4 ათასი ლარით.