„ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ და „მოხერხებული მიწისთხილი“ - ბაზარზე ახალი ქართული პროდუქცია გამოჩნდა

ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი „ჭკვიანი თხილი“ გამოჩნდა.

ეს არის ქართული თხილის, თაფლისგან და ვანილისგან დამზადებული პასტა. კომპანია სამი სახეობის პროდუქტს - „ყოჩაღი ნუში“, „ჭკვიანი თხილი“ და „მოხერხებულ მიწისთხილს“ აწარმოებს.

კომპანია „ჭკვიანი თხილი“ საოჯახო ბიზნესია, რომლის დამფუძნებლები ნინო ანდრიაძე და მისი მეუღლე არიან.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნინო ანდრიაძემ განაცხადა, პროდუქცია ქართული პროდუქტებისგან მზადდება.

„ეს არის თხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი. დამტკბარია ძალიან მცირე რაოდენობით ნატურალური ქართული თაფლით და ვანილით. ვანილის გარდა ყველაფერი ქართულია. მადაგასკარის ვანილს „ამაზონიდან“ ვიწერთ. ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან შეიცავს ცოტა ნახშრიწყლებს, ბევრ ცილებსა და პროტეინს.“ - განაცხადა ნინო ანდრიაძემ.

ამჟამად პროდუქცია ონლაინ საიტის SOFLIDAN.GE-ს საშუალებით იყიდება. როგორც ნინო ანდრიაძე აცხადებს, კომპანია აპირებს საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნას, ხოლო იანვრიდან პროდუქტი მაღაზიებშიც გამოჩნდება. საიტზე „ჭკვიანი თხილის“ ფასი 15.90 ლარია, „ყოჩაღი ნუში“ - 21.40 ლარი ღირს, ხოლო „მოხერხებული მიწისთხილის“ ფასი 12.50 ლარია.

„ერთი თვეა რაც ბრენდი არსებობს და უკვე ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ვინც გასინჯა, უამრავი ადამიანი გვიკავშირდება და აღფრთოვანებასა და აღტაცებას გამოხატავს. გვიხარია, რომ ასეთ მოკლე დროში პოპულარული გახდა და ქართველმა მომხმარებელმაც ასე კარგად მიიღო.

როდესაც ამ ბრენდის შექმნაზე ვმუშაობდით, პირველ რიგში ვფიქრობდით იმ სასარგებლო თვისებებზე, რაც ამ პროდუქტებს აქვთ და ვინ იქნებოდა ჩვენი მომხმარებელი. ყოჩაღი, ჭკვიანი და მოხერხებული შეესაბამება მათ, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.“ - განაცხადა ანდრიაძემ.

კომპანიის დამფუძნებლები მომავალში პროდუქციის საზღვარგარეთ გადატანაზეც ფიქრობენ.

ლიკა ამირაშვილი