გლდანის წყალსაცავში თევზების დახოცვის მიზეზს იკვლევენ

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სააგენტოს ვეტერინარებმა გლდანის ტბაში თევზების დახოცვის ფაქტზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე კვლევა დაიწყეს.

სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია წყლისა და თევზის ნიმუშები.

"თუ რამ გამოიწვია წყალსაცავში თევზების დახოცვა, რამდენიმე დღეში, ლაბორატორიული დასკვნის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი. შედეგის მიხედვით დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები, ხოლო საზოგადოებას დამატებით ეცნობება ინფორმაცია", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.