2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საკონსტიტუციო სასამართლოს ბალანსზე 15 ავტომობილი ირიცხებოდა. ამის შესახებ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.
ამ ავტომობილებიდან 10 მოსამართლეებზე, ხოლო 2- სამართლებრივი უზრუნველყოფის და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსებზეა განპიროვნებული.
ამასთან, IDFI-ს ცნობით, სასამართლოს ბალანსზე ირიცხება 2001 წელს შესყიდული "mercedes benz " e230 მოდელის ავტომობილი, რომელიც დაკარგულია და შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს ძიებას.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის განახლებაზე ყველაზე დიდი თანხა დაიხარჯა 2016 და 2017 წელს. კერძოდ, 2017 წელს აღნიშნული მიმართულებით - 460,5 ათასი ლარი, 2016 წელს კი 179,5 ათასი ლარია დახარჯული.
ამ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის შესყიდული იქნა 8 ავტომობილი. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის 2017 წელს 176 150 ლარად შესყიდული Toyota land cruiser -ის მოდელის ავტომობილი. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის მიმდინარე წელს ასევე შეისყიდეს 2017 წელს გამოშვებული 37 172 ლარის ღირებულების TOYOTA COROLA-ს მოდელის ავტომობილი. რაც შეეხება სხვა მოსამართლეებს, მათთვის 2016-2017 წლებში Toyota CAMRY-ის და TOYOTA RAV 4 -ის მოდელის ავტომობილები შესყიდულია, რომელთა ფასი 55 ათასიდან 70 ათას ლარამდე მერყეობს.