ოქროს ფასი ბოლო ერთი თვის მაქსიმუმზეა

დღეს ოქროს ფასმა ბოლო ერთი თვის მაქსიმუმს მიაღწია, რასაც ხელს დოლარის სისუსტე და ის გარემოება უწყობს, რომ საახალწლო არდადეგების გამო, ბაზარზე აქტივობა საგრძნობლად შემცირებულია.

კომექსის სავაჭრო პლატფორმაზე, ერთი ტროას უნცია ოქროს ფასი 0.28 პროცენტით, 1 295.00 დოლარამდე გაიზარდა. დღის განმავლობაში, ფასი 1 296.10 დოლარსაც მისწვდა, რაც 29 ნოემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.

ოქროს გაძვირებას მეტწილად დოლარის დასუსტება უწყობს ხელს. ამერიკული ვალუტის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტის მიმართ საშუალო კურსს ასახავს, 0.26 პროცენტით, 92.42-მდე შემცირდა. და ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მის მიერ ინიცირებულ საგადასახადო რეფორმის კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ოქროს ფასი უკვე ზედიზედ მესამე კვირაა იზრდება. ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, მან მნიშვნელოვანი ზღვარის, 200-დღიანი მოძრავი საშუალოს ზევით მოიკიდა ფეხი, რაც ზრდის ტრენდის გაგრძელების მანიშნებელია.

პარალელურად, იზრდება სხვა ძვირფასი მეტალების ფასებიც. კერძოდ, 0.47 პროცენტით, 16.835 დოლარამდე გაძვირდა ტროას უნცია (31.1034768 გრამი) ვერცხლი, 0.25 პროცენტით, 930.30 დოლარამდე გაიზარდა ტროას უნცია პლატინის ფასი.