ქუჩაში დამონტაჟებულმა სათამაშო აპარატებმა არასამთავრობოების დაინტერესება გამოიწვია

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ქალაქ თბილისის ქუჩებში დამონტაჟებული აზარტული და მომგებიანი თამაშობების აპარატებით დაინტერესდა.

როგორც ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლებაში" ამბობენ, აღნიშნულ აპარატებში გასათამაშებლად წარმოდგენილია სხვადასხვა ნივთები: მობილური ტელეფონები, საათები, ყურსასმენები და სხვა მცირედი ტექნიკა. აგრეთვე გასათამაშებელ საგანს წარმოადგენს თამბაქო, რომლის რეალიზებაზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი შეზღუდვაა დადგენილი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სათამაშო აპარატებით ხშირად სარგებლობენ არასრულწლოვნები, რაც ზიანს აყენებს როგორც მათ ფსიქიკურ და ზნეობრივ განვითარებას, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამასთან, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშობების აპარატთა მფლობელები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 155-ე მესამე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ მე-4 და მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. აგრეთვე ამავე კოდექსის 176-ე პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებულ აკრძალვას.

ზემოთაღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად, რათა კონტროლი დაწესდეს, როგორც ე.წ. აზარტული და მომგებიანი თამაშობების აპარატებზე, აგრეთვე შესაბამის ნებართვის გამცემ უწყებაზე.