წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები ქსელის განვითარებას შეწყვეტენ , - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება და ელექტროენერგია, როგორც პროდუქტი ძვირდება, რადგან ყოველი მოხმარებული კვ/სთ არის უფრო ძვირი, ვიდრე ეს მანამდე იყო.
„ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, შესაბამისად, გაზრდილი მოხმარების შევსება ხდება ამ იმპორტირებული ელექტროენერგიით. ეს იყო ერთი კომპონენტი, რამაც ელექტროენერგიის, როგორც პროდუქტის ღირებულება დაახლოებით ნახევარი თეთრით გააძვირა. ელექტროენერგიის ყიდვაში და გადაყიდვაში კომპანიას მოგება არ რჩება, კომისია არ უტოვებს. რაც შეეხება კომპანიის მოგებას, ეს არის ქსელურ საქმიანობაში, სადაც ტარიფის ზრდა ასევე ნახევარი თეთრია დაახლოებით. ეს არის განპირობებული იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებით, რომელიც განახორციელეს კომპანიებმა წინა პერიოდში, ვგულისხმობ საინვესტიციო პროექტებს და, ასევე, უნდა განახორციელონ მომდევნო სამი წლის განმავლობაში. „ენერგო პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში ეს დაახლოებით 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა. ამ მოცულობის ინვესტიცია ამ კომპანიას არასდროს გაუკეთებია. „თელასის“ შემთხვევაში, წელიწადში გვაქვს 60 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია შეთანხმებული“, - განაცხადა მილორავამ.
რა აუცილებლობით არის ეს ინვესტიცია განპირობებული, ამასთან დაკავშირებით მილორავა განმარტავს, რომ მოხმარების ზრდა არის ქსელური კომპანიებისთვისაც გამოწვევა, ვინაიდან იზრდება დატვირთვა სექტორში, შესაბამისად, ქსელი და ინფრასტრუქტურა ამ გამოწვევას მომზადებული უნდა დახვდეს.
„1 მილიარდით არის მოხმარება გაზრდილი და 2020 წლისთვის იმ საპროგნოზე ბალანსებით, რომელსაც ჩვენ დავეყრდენით, კიდევ 20%-ით იზრდება მოხმარება. ტარიფის დათვლისას ორი მეთოდოლოგია გამოიყენება - ზღვრული ფასების და ზღვრული შემოსავლების მეთოდოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ ზღვრული შემოსავლების მეთოდოლოგიას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მოხმარება გაიზარდა, კომპანია არ იღებს დამატებით შემოსავალს. თუ რაიმე დამატებით მიიღო, ჩვენ მომდევნო წელს ვაკორექტირებთ ამ ტარიფს და უკან მოგვაქვს მოხმარების ზრდით მიღებული შემოსავალი. მაგალითად, ტარიფი არის ორი თეთრი და კომპანია 10 ერთეულს ანაწილებს, მაგრამ გაანაწილებს ორი ერთეულით მეტს, ორი ერთეულით გაზრდილი მოხმარება შეამცირებს ტარიფს. ამ შემთხვევაში ტარიფის შემცირება არ მოხდა, რადგან ორი ფაქტორი მოქმედებს განაწილების ტარიფზე - გაზრდილი ქსელური მოხმარება, რომელიც ტარიფს შემცირებისკენ ექაჩება და მეორე - ინვესტიციების ნაწილი, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ ტარიფზე იმოქმედა “, - განაცხადა მილორავამ.