2017 წლის ბიზნეს გარიგებები საერთაშორისო ბაზარზე

2017 წელს მსოფლიში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნეს გარიგება შედგა. „ბიზნესპრესნიუსი“ წლის რამდენიმე ბიზნეს გარიგებას გთავაზობთ:

6 ქვეყანაში "იანდექსმა" და "უბერმა"ბიზნესების შერწყმაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

2017 წლის ნოემბერში რუსულმა ტაქსოკომპანია „იანდექსმა“ ადგილობრივი შესაბამისი სამსახურისგან ამერიკული „უბერის “ შერწყმაზე თანხმობა მიიღო. კერძოდ, ივლისში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებმა რუსეთსა და ხუთ მეზობელ ქვეყანაში თავისი ბიზნესების შერწყმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

რუსეთის გარდა ამ ქვეყნების ჩამონათვალში არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ყაზახეთი და საქართველო.

ორი კომპანიის ბიზნესი კომპანია NewCo-თი იქნება წარმოდგენილი. ახალ კომპანიაში ასევე გაერთიანდება "უბერის" საკვების მიტანის სერვისი UberEATS, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაზე გავრცელდება.

კომპანიის 59,3% "იანდექსის" კუთვნილება იქნება, 36,6% - "უბერის", ხოლო 4,1% - კომპანიის თანამშრომლების.

ჟურნალ Time-ს კომპანია „მერედიტი“ ყიდულობს

ლეგენდარულ ჟურნალ Time-ს მალე სავარაუდოდ, ახალი მფლობელი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაცია ნოემბერში გავრცელდა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, მედია კომპანია Meredith-ი თანახმა იყო, Time Inc-ს ჟურნალის სანაცვლოდ 1.84 მილიარდი დოლარი გადაუხადოს.

ჟურნალ Time-ის გარდა, „მერედიტი“ ასევე ყიდულობს ისეთ ცნობილ ჟურნალებს, როგორიცაა People, Sports Illustrated, Fortune და Entertainment Weekly. თავად Meredith-ს კი თავის მხრივ აქვს რამდენიმე მსხვილი გამოცემა, მათ შორის Parents, Shape and Better Homes & Gardens.

„მერედიტი“ აქციების სრულ შესყიდვას მომავალი წლის დასაწყისში დაასრულებს და 100 მილიონი აქციის საცალო შესყიდვა 18,5 დოლარი დაუჯდება.

Disney-იმ 21st Century Fox 52 მილიარდად შეიძინა

კომპანია Walt Disney-მ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ მედიამაგნატ რუპერტ მერდოკისგან 21st Century Fox-ს 52,4 მილიარდ დოლარად ყიდულობს. შეთანხმების შედეგად, Disney ასევე ყიდულობს Fox-ის კუთვნილ რამდენიმე აქტივს: Sky-ს 39%-ს, კინოინდუსტრიას 20th Century Fox, ტელეარხ National Geographic-სა და კომპანიის სხვა ქვეყნებში არსებულ მედიაკომპანიებს.

გარდა ამისა, კომპანიის მფლობელობაში გადავა ისეთი ბრენდების ფრანჩიზა, როგორიცაა, “ადამიანები იქსი“, „ავატარი“, და „სიმპსონები“. ასევე Disney გაზრდის საკუთარ წილს სტრიმინგ სერვისში Hulu, რომელსაც აქამდე ერთობლივად ფლობდნენ Disney, Fox, Comcast და Time Warner.

Fox თავისთვის იტოვებს მხოლოდ ახალი ამბებისა და სპორტულ არხებს, რომელთა ბაზაზე შეიქმნება ახალი კომპანია. გარდა ამისა, შეთანხმების შემდეგ 21st Century Fox-მა განაცხადა, რომ მზად არის შეიძინოს ტელეკომპანია Sky-ის დარჩენილი 61%, რასაც აქამდე გეგმავდა.

შეთანხმების საბოლოო დასრულება მომავალი წლის 30 ივნისს უნდა მოხდეს.

Michael Kors-მა ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრიტანული ბრენდი Jimmy Choo-ი 1.2 მილიარდ დოლარად შეიძინა.

ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა Michael Kors, ბრიტანულ ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი Jimmy Choo 1.35 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია ნოემბერში გავრცელდა.

ბრიტანული ბრენდი ბაზარზე 90-იან წლებში გამოჩნდა და მალევე გახდა პოპულარული. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც Jimmy Choo-ს ფეხსაცმლით პრინცესა დიანა გამოჩნდა. ამ ბრენდის ფეხსაცმლით ასევე ხშირად ჩანდა ეკრანზე ცნობილი სერიალის - „სექსი დიდ ქალაქში“ გმირი, კერი ბრედშოუ.

Apple Shazam-ს უმიზნებს

კომპანია Apple-ი აპლიკაცია Shazam-ის ყიდვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა.

აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მუსიკა ტელეფონის მიდებით ამოიცნოს, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ამ დროისთვის მჭიდროდ არის ინტეგრირებული Apple-ის ასისტენტ Siri-ში და iPhone-ის მომხმარებლები, ვისაც დაინსტალირებული აქვთ „შაზამი“, სიმღერის ამოცნობის დროს უბრალოდ ამბობენ “Hey Siri, what’s that song?” და აპლიკაცია სიმღერის იდენტიფიკაციას ამის შემდეგ აკეთებს. მაგრამ „შაზამს“ სხვა ფუნქციებიც აქვს, მას შეუძლია ამოიცნოს სატელევიზიო შოუებიც, რომელიც ჯერ არ მუშაობს Siri-ს ასისტენტში.

ცნობისათვის, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, Apple-ის მუსიკალური მიმართულება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მრავალფუნქციური იქნება მისი 27 მილიონი ხელმომწერისთვის, რომელიც რაოდენობის მხრივ ჩამორჩება მის უშუალო კონკურენტ Spotify-ს, რომელსაც 60 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.