Lego 2017 წლის ყველაზე გავლენიანი ბრენდია

ბავშვების სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Lego 2017 წლის ყველაზე გავლენიანი ბრენდების ჩამონათვალს ლიდერობს.

საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის მიერ წარმოდგენილ ყოველწლიურ რეიტინგში ფასდება კომპანიის პოპულარობა, მისი ცნობადობა, რეპუტაცია და მომხმარებელთა ლოიალობა. მიუხედავად იმის, რომ Lego ბრენდების ღირებულების რეიტინგში მხოლოდ 196-ე ადგილზეა, ამ პარამეტრების შეფასებით ის სწორედ პირველ ადგილზე გავიდა და გაუსწრო ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა Google, Nike, Disney და სხვები.

ალბათ გაგიკვირდებათ, თუმცა კომპანია ამ საფეხურზე პირველად არ აღმოჩენილა, ის ასევე ლიდერი იყო 2015 წელს, ხოლო 2016 წლის რეიტინგში პირველობა დაუთმო „Disney“-ს და მეორეზე გადაინაცვლა.

ასევე რთულად წარმოსადგენია, მაგრამ 2004 წელს კომპანია გაკოტრების პირას იყო და მისი ვალები 800 მილიონ დოლარს აჭარბებდა, თუმცა კომპანიაში გატარებულმა არაერთმა რეფორმამ შედეგიც მალევე მოიტანა - ის დღეს წარმატებული ბრენდია და მილიარდიან შემოსავალსა და მოგებას ითვლის.

ცნობისათვის, კომპანია Lego დღესაც მისი დამაარსებელი ოჯახის ხელშია, რომლებმაც კონსტრუქციული სათამაშოების ბიზნესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დააფუძნეს.

კოკა კვირკველია