რა ცვლილებები ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან

2018 წლიდან რამდენიმე ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდა. „ბიზნესპრესნიუსი" პირველი იანვრიდან ამოქმედებულ ცვლილებებს გთავაზობთ.

1 იანვრიდან მოსახლეობას ტარიფები გაუძვირდა

1 იანვრიდან მოსახლეობას დენისა და წყლის ტარიფები გაუძვირდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება წყალმომარაგებისა და კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე დღის წინ, წინასაახალწლო პერიოდში მიიღო. ასევე იანვრიდან თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზიც გაუძვირდა. კერძოდ, ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით გაეზარდათ დიდი დიღმისა და ვარკეთილის ხუთი მიკრორაიონის (I, II, III, III ა, IV ა) მაცხოვრებლებს.

2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება ამოქმედდა

2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. თუმცა, რეფორმა მხოლოდ 8-ზე მეტ ადგილიან სამგზავრო და 3,5 ტონის ზემოთ სატვირთო ავტომობილებს შეეხება. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას კი საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე გაივლის.

1 იანვრიდან არაიდენტიფიცირებული პირუტყვი სასაკლაოზე აღარ დაიკვლება

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვი იდენტიფიცირებული იყოს და საყურე ნიშანი ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არაიდენტიფიცირებული პირუტყვი სასაკლოზე აღარ დაიკვლება.

იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან პაციენტებს ელექტრონული რეცეპტები გამოუწერონ

2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდა. ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე, 2018 წლის იანვრიდან, მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს.

პირველი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედება

1-ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედდა. სისტემა 5 ათასი ლარის ფარგლებში, ყველა დეპოზიტის დაზღვევას ითვალისწინებს.

ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხებს ახლებურად აწესრიგებს

”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში. აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, პროფესიულ საჯარო მოხელეებზე და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე.

კანონი ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს. კანონი ასევე განსაზღვრავს საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობას და დანიშნულებას, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს. დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით.

2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

1-ლი იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედებისთანავე პროდუქციის 90%-ზე საიმპორტო ტარიფი არ იმოქმედებს. ამასთან, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 4-წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ იმპორტის ტარიფი დამატებით კიდევ პროდუქციის 4%-ზე გაუქმდება.