თლუღური სოჭის რთველი

მართალია, ტყის დაზოგვისთვის მოსა­ხლეობამ საახალწლო ნაძვის ხე ხელოვნუ­რით ჩაანაცვლა, მაგრამ ბუნებაში ნაძვისა­ და წიწვოვნების სურნელის ჩანაცვლება შეუძლებელია, ვერც მათგვარ სიმშვიდესა და სილამაზეს მოგვანიჭებს ვერაფერი...

დღეს ევროპასა და ამერიკაში ხელოვ­ნურ ნაძვზე უარს ამბობენ და ახალ წელს ბუნებრივი ხით ზეიმობენ. აბა, გამოი­ცანით, რომლით? ამბროლაურის სოფელ თლუღის სოჭით! ამ სოჭის თესლი უცხოეთში უკვე წლებია მიაქვთ, ახარებენ და საშობაოდ ყიდიან. ჩვენი წიწვოვანი­ ტყეები კი მასობრივი ჩეხითა და ხანძრებით ნადგურდება, აღსადგენად ცოტა თუ ირჯება.

სართიჭალის ეროვნული სანერგის თანამშრომლები დადიან გადარჩენილ ტყეებში, ჯანსაღი ხეების თესლს აგროვებენ, მერე სანერგეში თესავენ, ზრდიან და ისევ ტყეში რგავენ. ავთანდილ მეტრეველი ამ სანე­რგის სატყეო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი და ქვეყნის ყველაზე გამოცდილი მეტყევეა.

- სანერგე მართლაც ფასდაუდებელ საქმეს აკეთ­ებს - განადგურებული ტყეების შესავსებად აგროვებს, ინახავს, თესავს და ზრდის წითელ წიგნში შეტანილი ქართული­ ჯიშის ხეებს. მათ შორის არის ქართული მუხა (პონტოს, იმერეთის, კოლხური, ჭალის,­ მაღალი მთის…მუხა), ძელქვა, ვერხვი, იფანი, საკმელის ხე, წაბლი­, კაკალი... წიწვოვნების თესლსაც ვაგროვებთ. სათესლედ­ ირჩევა სრულიად ჯანსაღი, ე.წ. პლუსური ხეები. თესლი იმ პერიოდების მიხედვით გროვდება, რომელიც ამა თუ იმ ჯიშისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, თლუღის კავკასიური სოჭის თესლს, რომელიც უცხოეთში გააქვთ, შუა სექტემბრიდან ოქტომბრის­ ჩათვლით ვაგროვებთ, რადგან მომდევნო თვეში გირჩა­ იშლება და თესლი იბნევა, ნაძვის თესლი შეიძლება უთოვლო ნოემბერ-დეკემბერშიც­ შეაგროვო. თესლის ნაწილს სანერგის თესლის ბანკში ვინახავთ, ნაწილს - მინის ჭურჭელში, ნაწილს კი ტორფის და ქვიშის ნაზავში პლუს 5 გრადუს ტემპერატურაზე. ამ დროს თესლი ნელ-ნელა ემზადება გასაღივებლად. როგორც კი უფრო თბილ ტემპერატურაზე ჩათესავ, მაშინვე ამობიბინდება. ჩვენებური სოჭი 85 მეტრამდე იზრდება, ნაძვი - 65 მეტრამდე. საბედნიეროდ, გაჩეხას გადაურჩა ის ტყეები, რომელთაც გზა არ უდგებოდა და იქ შეგხვდებათ ამ ზომის გოლიათები. ჩვენს ქვეყანაში ტყის აღწერა აღარ კეთდება, რადგან მეტყევეების დეფიციტია. მეტყევე სტუდენტი ნაძვს, კედარს და ფიჭვს ერთმანეთისაგან ვერ არჩევს. კვლევით პრაქტიკაზე არ დაჰყავთ და ტყეებს ვეღარ სწავლობენ.

ნაძვისაგან შეუდარებელი საკრავები მზადდება (მათ შორის პიანინო). საახალწლოდ ყველა წიწვოვანი შინ საუცხოო სურნელს შემოიტანს, ოღონდაც თუ შევძლებთ და არა ტყეში მოჭრილს, არამედ ქოთანში გამოზრდილს ვიყიდით. მსოფლიოში ნაძვის 50 სახეობა არსებობს. საქართველოში ამ სახეობებიდან ძირითადად აღმოსავლური ნაძვია. ის ხარობს სამცხე-ჯავახეთიდან დაწყებული ბორჯომ-ბაკურიანის, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთ-ხევსურეთის და აფხაზეთ-აჭარის ჩათვლით. ხარობს ასევე­ კედარი, სოჭი, ფიჭვი, კვიპაროსი, თუმცა ახლა ყველა ჩეხით შემცირებულ-დაკნინებულია, ამას ბორჯომის ტყის ხანძარიც დაემატა. ხანძარს გადარჩენილ კორომებში ბუნებრივი განაშენიანება მოხდება, ქარი თესლს მოაბნევს, მაგრამ სხვა ტყის განაშენიანება ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს.

ბორჯომის გადარჩენილ ტყეებში თესლი შემოდგომაზე შევაგროვეთ და ძალიან მალე ნერგებიც გვექნება. სანერგეს საფრთხის ქვეშ მყოფი ტყეებისთვის 60 000 ძირი ნერგი აქვს და მათი დარგვა ნებისმიერ ხელსაყრელ სიტუაციაში შეიძლება. ბორჯომის გადამწვარ ტყეებში ფიჭვის დარგვიდან 4-5 წლის შემდეგ ნაძვისა და სოჭის ნერგები უნდა შეირგას, რომლებიც ნესტის მოყვარულები არიან და ტყეში მშვენივრად გაიზრდებიან. შეიძლება წიფლის შერგვაც. ზოგადად, ფოთლოვანი ტყეები ხანძრის გაჩაღებას ხელს მაქსიმალურად უშლის.

- თბილისში მწვანე საფარი მშენებლობების გამო მუდმივად იჩეხება.

- იჩეხება, დარგვით კი ძალიან ცოტა ირგვება. კომუნისტების დროს მეტყევეებს ყოველწლიურად 8000 ჰექტარზე ტყეების გაშენებას გვავალებდნენ, დღეს წელიწადში ერთი ჰექტარიც არ ირგვება. გასულ სამ წელიწადში თბილისის გასაშენებლად ეროვნული სანერგიდან წაიღეს წიწვოვნების ნერგები, მაგრამ ეს იმდენად მცირე რაოდენობა იყო, არც კი ვიცი, ამან რა უნდა გააკეთოს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 1 იანვრის ნომერში ან

გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად