თურქულმა მხარემ მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობაში თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების მინისტრს, ლუფთი ელვანს შეხვდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები განიხილეს.

"არის ახალი ინიციატივები. მათ გამოთქვეს სურვილი მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობაში თანამონაწილეობაზე. ასევე გვაქვს პროექტები, როგორიც არის გზის მიმდებარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გვაქვს საზღვაო სფეროში თანამშრომლობის დიდი სპექტრი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახმელეთო ტრანსპორტის მიმდინარე საკითხები და არსებული პრობლემები. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა მის კოლეგასთან, რადგან ლუფთ ელვანი ამ თანამდებობაზე ახალი დანიშნულია.