ციფრული ვალუტების ბაზარზე, ახალი წლის დადგომისთანავე, მოწინავე სამეულში განლაგება შეიცვალა - კაპიტალიზაციის მაჩვენებლით, მეორე ადგილზე რიპლიმ გადაინაცვლა, რომელმაც უკან ეთერიუმი ჩამოიტოვა.
რიპლი მეორე ციფრული ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ, რომლის კაპიტალიზაციაც 100 მილიარდ დოლარიან ზღვარს ასცდა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტოკიოში ბაზირებული საფინანსო სერვისების კომპანია „SBI ჰოლდინგსი“, თავის შვილობილ „SBI რიპლ ეიჟასთან“ ერთად, გადარიცხვებისას ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს, რიპლის (XRP) ფასმა მკვეთრი ზრდა დაიწყო და ამჟამად 2.45 დოლარის მიდამოებშია. დღის განმავლობაში ის 2.75 დოლარამდეც კი იყო გაზრდილი.
ცნობისათვის, გასული წლის დასაწყისში რიპლის ფასი მხოლოდ 0.006 დოლარი იყო. წლის ბოლოს კი 1.98 დოლარს მიაღწია და ჯამში ზრდამ დაახლოებით 32 000 პროცენტი შეადგინა! შედარებისთვის, 9 000 და 14 000 პროცენტით გაიზარდა ეთერიუმის და ბიტკოინის ფასები.
რიპლი მხოლოდ ციფრული ვალუტა არაა, ეს არის სისტემა, რომელიც საბანკო გადარიცხვებს (როგორც შიდა, ასევე საერთაშრისო) ამარტივებს და აიაფებს. ამის გამო, ის ბანკების დაინტერესებას იწვევს. ამ ვალუტის თავისებურებიდან გამომდინარე, გადარიცხვების შესრულებისას, ის რაოდენობრივად მცირედით კლებულობს (ილევა) და სწორედ ესაა მისი გამოყენების საფასური.
ახალი წელი ზრდით დაიწყო ბიტკოინმაც, თუმცა გასული წლის ბოლო დღეების დანაკარგები მხოლოდ მცირედით აღიდგინა. მის შემდგომ ზრდას აფერხებს ის გარემოება, რომ ბიტკოინით ტრანზაქციები ძალიან ნელა ხორციელდება. ეს კი წარმოშობს კითხვას, რამდენად მოსახერხებელი იქნება ის, როგორც გადახდის საშუალება. ამ ფუნქციის შესრულებაში ბიტკოინს ის გარემოებაც უშლის ხელს, რომ კონსტრუქციული თავისებურების გამო, მისი გადარიცხვები ნელა სრულდება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ბიტკოინის ფასი ბიტფაინექსის პლატფორმაზე 19 891 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა მალევე 10 718 დოლარამდე შემცირდა. ამჟამდ მისი ფასი 14 500 დოლარის სიახლოვესაა, მისი კაპიტალიზაცია კი 235 000 მილიარდ დოლარზე მეტია.
შედარებისთვის, ზუსტად ერთი წლის წინ, ბიტკოინის ფასი 1 000 დოლარის ფარგლებში იყო.
დღეს ბიტკოინ ქეშის (ბიტკოინის განაყოფი) ფასი 13.79 პროცენტით, 2626.4 დოლარამდე გაიზარდა. ამ ვალუტის პიკი შარშან 4 000 დოლართან დაფიქსირდა. უფრო მცირედით, 11.84 პროცენტით გაიზარდა ლაიტკოინის ფასი, რომელიც 251.8 დოლარი ღირს. 17.65 პროცენტით, 867.92 დოლარამდე მოიმატა ეთერიუმის ფასმა.
მერაბ ლორთქიფანიძე