BGEO ჯგუფი აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ შეიძინა 50%-იანი წილი თბილისში მიმდინარე ბუტიკის სტილის სასტუმროს მშენებლობაში, რომლის ღირებულებაც 4.1 მლნ. აშშ დოლარია. დამატებით შეიძლება ითქვას, რომ m2-ს აქვს შესაძლებლობა წილი 60%-მდე გაზარდოს სასტუმროს კაპიტალში დამატებით 1.9 მლნ აშშ დოლარის დაბანდებით. სასტუმრო, რომელიც m2-ის პორტფელს დამატებით 100 ოთახს შესძენს, მთაწმინდაზე აშენდება - იქ, საიდანაც ქალაქზე ერთ-ერთი საუკეთესო პანორამული ხედი იშლება.
სასტუმროს სამუშაოებს აწარმოებს BGEO-ს შვილობილი სამშენებლო კომპანია. სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო მშენებლობის დასრულება 2019 წლის პირველ მეოთხედშია დაგეგმილი. სასტუმრო ბუტიკის სტილის იქნება, სადაც ყურადღება გამახვილდება ღვინოსა და ე.წ. fine dining-ზე, რითაც ის ტურისტებისა და ქალაქის მაღალი სოციალური ფენის ინტერესს დაიმსახურებს.
ირაკლი გილაური, BGEO-ს აღმასრულებელი დირექტორი: „მოხარული ვარ, როცა ვხედავ, რომ „m2 უძრავი ქონება“ აგრძელებს შთამბეჭდავ წინსვლას ტურისტულ ბიზნესში, რაც ჩვენი სტრატეგიის საყრდენია. მას შემდეგ, რაც 2017 წელს საქართველოში ტურიზმი 27%-ით გაიზარდა, ჩვენ გვჯერა რომ ამ სექტორს მომავალში ზრდის მაღალი პოტენციალი აქვს. „m2“ აგრძელებს ამ მიმართულებით სვლას, ამ ძალზედ მიმზიდველ ბიზნესში ფულის დაბანდებას და თავისი სასტუმროების პორტფელის გაზრდას.“