დღეს ნავთობის ფასმა კლება დაიწყო და 2015 წლის ზაფხულის მაქსიმუმს მცირედით დაშორდა, რისი მიზეზიც შეერთებული შტატების და რუსეთის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ზრდა გახდა.
ეს კი ხელს უშლის OPEC-ის მცდელობას, დააბალანსოს ნავთობის მსოფლიო ბაზარი.
აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფიუჩერსის ფასი სულ რაღაც 3 ცენტით შემცირდა და 60.34 დოლარზე ჩამოვიდა. წინა დღის მაქსიმუმი 67.29 დოლარზე დაფიქსირდა, რაც 2015 წლის ივნისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
ამავდროულად, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 8 ცენტით, 66.49 დოლარამდე შემცირდა. გუშინ ამ მარკის ფასი 67.29 დოლარის ნიშნულს მისწვდა, რაც 2015 წლის მაისის მაქსიმუმის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამერიკაში მოპოვება და შესაბამისად, ბაზარზე მიწოდებაც გაიზრდება, რაც ნედლეულის ფასს კიდევ უფრო შეამცირებს. მოვლენათა ამგვარი განვითარება მით უფრო რეალურია, რომ არ ჩანს მოთხოვნის ზრდის საფუძველი. შესაბამისად, ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის მიღწეული ბალანსი კვლავ დარღვევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.
დანიური საქსო ბანკის სასაქონლო ბაზრის სტრატეგი, ოლე ჰანსენი ამბობს, რომ ნავთობის სპეკულატიურ გაძვირებას, ხელი ჩრდილოეთის ზღვის ნავთობსადენზე შეფერხებამ და ირანში არეულობამ შეუწყო. ნავთობსადენთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრა, ირანში არსებული არეულობა კი ნავთობის წარმოებას ხელს არ უშლის. ამიტომ, ჰანსენი ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი, ნავთობის ფასის ვარდნას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, ფასის შემცირება პირველ რიგში, ამერიკაში წარმოების ზრდამ უნდა გამოიწვიოს: „მხოლოდ დროის ამბავია, თუ როდის მიაღწევს ამერიკაში ნავთობის წარმოება 10-მილიონ ბარელ დღიურ ზღვარს“, - ამბობს ჰანსენი. ცნობისათვის, 2016 წლის შემდეგ ამერიკაში დღიური წარმოება 16 პროცენტით გაიზარდა და გასული წლის ბოლოს 9.75 მილიონ ბარელს მიაღწია.
გარდა ამისა, რუსეთი არ ამცირებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდებას. თუმცაღა ეს ქვეყანა ოფიციალურად მხარს უჭერს OPEC-ის მიერ მიწოდების შეზღუდვის პაქტს. ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთი მზად არის, მის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული დღიური მოცულობა 0.3 მილიონი ბარელით შეამციროს. თუმცა რეალურად, შარშან მისი დღიური მოპოვება 10.98 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. შედარებისთვის, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 10.96 მილიონი ბარელი იყო, 2015 წელს კი - 10.72 მილიონი ბარელი.
ყველაფერთან ერთად, ჰანსენი ვარაუდობს, რომ 2018 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი შეიძლება შენელდეს, რაც ამ ქვეყნის მიერ ნავთობის მოხმარების შემცირებას გამოიწვევს. ეს კი ნედლი ნავთობის ფასზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს.
მერაბ ლორთქიფანიძე