საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთს 2018 წელს 2.193 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიაწვდის

ეკონომიკის მინისტრის 28 დეკემბრის ბრძანებით, 2018 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი დამტკიცდა.

ბალანსის თანახმად, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის საპროგნოზო გამომუშავება 12.100 მილიარდი კვტ/სთ იქნება. ამასთან, პროგნოზის თანახმად, ელექტროენერგიის იმპორტი იქნება 1.958 მილიარდი კვტ/სთ.

რაც შეეხება მიწოდებას, მომხმარებლებს 12.703 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდება. ამასთან, 2018 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, აფხაზეთი 2018 წელს 2.193 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის საპროგონოზო მიწოდება 2018 წელს გასულ წელთან შედარებით იზრდება. კერძოდ, 2017 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ეს მონაცემი 2.038 მილიარდ კვტ.საათი იყო.

ცნობისთვის, „ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი წილი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში სწორედ ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ხმარდება.