ბაზრობის, სასტუმროს, ავტოგასამართი სადგურის მფლობელებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ექნებათ

მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ექნებათ. აღსანიშნავია, რომ მესამე პირად იგულისხმება მათ შორის ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტიც, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი.

მთავრობის 28 დეკემბრის დადგენილებით, მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები დამტკიცდა.

ამ დადგენილების მიხედვით, მასობრივი თავშეყრის ობიექტებია: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი).

დადგენილებაში ასევე განსაზღვრულია სადაზღვევო ლიმიტები ანუ მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა. კერძოდ, დადგენილების თანახმად, სასტუმროს შემთხვევაში, ობიექტის მფლობელის დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტი - დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 600 ათასი ლარი, ხოლო დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე 300 ათასი ლარია.

„მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტი/ლიმიტები განისაზღვრება - სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 300 000 ლარით; ხოლო ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე − ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა. ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის შემთხვევაში კი წლიური სადაზღვევო ლიმიტი - დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 300 ათასი ლარი, ხოლო დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე − 200 000 ლარია,“-აღნიშნულია დადგენილებაში.

აღნიშნული ვალდებულება 2018 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.