ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ პროტექციონისტული პოლიტიკა სახიფათოა

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის უფროსმა ალექსის როძიანკომ დონალდ ტრამპის საშინაო პოლიტიკა შეაფასა.

„ვფიქრობ, რომ პროტექციონისტური პოლიტიკა სახიფათოა. ისტორია გვასწავლის, რომ როცა ეს იქცევა ტენდენციად, შედეგები სავალალოა. ბოლოს ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის წინ მოხდა. ასეთი ექსპერიმენტების გამეორება არ შეიძლება“ - განუცხადა როძიანკომ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“.

ალექსის როძიანკოს თქმით, არ არის სწორი ქვეყნის ინტერესებზე საჯაროდ საუბარი.

„რას გულისხმობს ტრამპი, როცა ამერიკული კომპანიების მხარდაჭერაზე საუბრობს? თავიდან მას ყველა სავაჭრო ხელშეკრულების გაწყვეტა სურდა. ახლა ამბობს, რომ საჭიროა მათი მოდერნიზება, გადახედვა და გაანალიზება. ყველა ქვეყანა თავისი ინტერესის მიხედვით მოქმედებს, რაც ნორმალურია, თუმცა ამის საჯაროდ გაცხადება არ არის სწორი“, - დაამატა სააგენტოსთან საუბარში როძიანკომ.