ზოგჯერ ყველაზე ახლობელ ადამიანებს შორისაც წარმოიქმნება ქონებრივი დავა, რომელსაც ისინი სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე ვერ წყვეტენ. გაუგებრობებს ყველაზე ხშირად მემკვიდრეობის გაყოფის დროს აქვს ადგილი. ამ პრობლემაზე ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება:
- საქართველოში არსებობს ასეთი ტრადიცია, რომლის მიხედვით, მოხუცი მშობლების მოვლა-პატრონობა იმ შვილს ევალება, რომელსაც მათი სახლ-კარი და უძრავი ქონება რჩება. კანონი როგორ არეგულირებს ამ ურთიერთობას?
-როდესაც მშობელი ცოცხალია, მის ხელთ არსებულ ქონებაზე დავას აზრი არა აქვს. ვის დარჩება მისი ქონება, ეს თავად მშობელმა უნდა განსაზღვროს. თუ მშობელი უმწეო მდგომარეობაშია და დახმარებას საჭიროებს, შვილების მოვალეობები მის წინაშე თანაბარია. აუცილებლობის შემთხვევაში, თითოეული შვილის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ შვილები ყურადღებას არ აქცევენ მშობლებს, ხანდაზმულ დედას ან მამას შეუძლია ხელშეკრულება გააფორმოს ნებისმიერ პირთან, რომელიც მის მოვლა-პატრონობას იკისრებს და თავისი ქონება იმ ადამიანს დაუტოვოს, ვინც მოუვლის. ქონებრივი ურთიერთობის ამ ფორმას „სამიდღემშიო რჩენა“ ჰქვია და მის ოფიციალურ გაფორმებას ხელშეკრულება სჭირდება.
-ქართული ტრადიციაა, რომ მთელი ქონება უმცროს ვაჟს რჩება, დაოჯახებულ ქალიშვილს კი, ხშირად წილის გარეშე ტოვებენ. ამის თაობაზე რას გვეტყვით?
-გეთანხმებით, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, რომელიც უძველესი დროიდან მოდის, მაგრამ კანონი ამ საკითხს სულ სხვაგვარად უყურებს: კანონის წინაშე ყველა შვილი თანასწორია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. მოხუცი მშობლის მოვლა-პატრონობა ევალება იმ შვილს, რომელიც მშობლის სახლში ცხოვრობს და იმასაც, ვინც მასთან არ ცხოვრობს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ დედ-მამის ქონება ყოველთვის უმცროსისაა, ან ყველაფერი ვაჟს უნდა დარჩეს, ქალიშვილი კი გათხოვდეს და ოჯახიდან არანაირი წილი არ წაიღოს. დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ მათი ქონება ყველა შვილზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
-ბატონო ირაკლი, ასეთი სახის ქონებრივი დავა თქვენს პრაქტიკაშიც ყოფილა?
-რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მოუმართავს პიროვნებას, რომელიც მშობლების ოჯახში ცხოვრობდა და ეგონა, რომ მთელი ქონება მას ეკუთვნოდა. არადა ძმა, რომელიც ცალკე ცხოვრობდა და მეათედი წვლილიც არ შეჰქონდა მშობლების მოვლა-პატრონობაში, სრულუფლებიანი მემკვიდრე იყო და ისევე ეკუთვნოდა წილი მშობლების ქონებიდან, როგორც მას.
-დავუშვათ, მშობელმა დატოვა ანდერძი, რომ მისი სახლ-კარი და ქონება მხოლოდ ერთ შვილს ეკუთვნის, მაშინ რა ხდება?
-თუ ამგვარი ანდერძი არსებობს და მასში წერია, რომ მშობელზე ერთმა შვილმა უნდა იზრუნოს, ამ შემთხვევაში მემკვიდრე ეს შვილი ხდება, მაგრამ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებს უფლება აქვთ სავალდებულო წილი მოითხოვონ - ეს იმის ნახევარია, რაც მათ ეკუთვნოდათ ანდერძის არარსებობის შემთხვევაში. შეიძლება ერთ-ერთი შვილი სხვა ქვეყანაში იყოს წასული და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდეს, მაგრამ მაინც მოითხოვოს მემკვიდრეობაზე თავისი უფლება. თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც მშობლის გადასაწყვეტია, ვის აირჩევს მემკვიდრედ და ვის დაუტოვებს თავის ქონებას.
-ქონებრივი დავა მაშინაც წარმოიშობა, როდესაც მშობლები გაყრილები არიან: ტრადიციის მიხედვით, ამ დროსაც მშობლის მოვლა მის ოჯახში მყოფ შვილს ევალება...
-ასეთი დავა ყველაზე ხშირად მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მამაკაცს (ან ქალს) მეორე ოჯახი აქვს და პირველ ქორწინებაში გაჩენილ შვილებს არ სურთ მასზე ზრუნვა. ჩვენი კანონმდებლობა ამ შემთხვევაშიც შეუვალია: თუ შვილს მემკვიდრეობის უფლება არა აქვს ჩამორთმეული, მაშინ ის სრულუფლებიანი მემკვიდრეა და დედის ან მამის მოვლა-პატრონობა მაინც ევალება. მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში მის ყველა შვილს თანაბარი უფლებები აქვს მის ქონებაზე - სულაც არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქორწინებიდან არის გაჩენილი. თუმცა, გამონაკლისი აქაც არსებობს: თუ შვილი, რომელიც მშობელზე არ ზრუნავდა, თავის წილზე ნებაყოფლობით იტყვის უარს, მაშინ მშობლის ქონება იმ შვილს დარჩება, რომელიც მის ჭერქვეშ ცხოვრობდა, უვლიდა და მასზე გამუდმებით ზრუნავდა. თუ მშობელი უმწეო მდგომარეობაშია და რომელიმე შვილი ჯიუტად თავს არიდებს მასზე ზრუნვას ან სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდას, შეიძლება მემკვიდრეობის უფლებაც ჩამოერთვას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფაქტებიც ხდება.
ხათუნა ჩიგოგიძე