ლეგენდარული მუსტანგი "Eleanor" წარმოებაში ბრუნდება

ოდესმე გქონიათ სურვილი, გემართათ ნიკოლას ქეიჯის ავტომობილი ფილმიდან „გატაცება 60 წამში“? ეს მალე შესაძლებელი იქნება.

ლეგენდარული Eleanor-ი, რომელსაც 2000 წელს გამოსულ ცნობილ ფილმში „გატაცება 60 წამში“ ანჯელინა ჯოლი და ნიკოლას ქეიჯი სხვა მდიდრულ ავტომობილებთან ერთად მართავენ, ძალიან იშვიათი, 1967 წლის წარმოებული Ford Shelby GT500 გახლავთ. კომპანია Fusion Motor Company-ის წყალობით კი ის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ვიდრე აქამდე იყო.

განახლებული ავტომობილი ექსტერიერის თვალსაზრისით ზუსტად გაიმეორებს მისი პროტოტიპის პროპორციებს, თუმცა ინტერიერში ის, რა თქმა უნდა, უფრო თანამედროვე და კომფორტული გახდება, მათ შორის აღიჭურვება თანამედროვე განათებით, აუდიო-Bluetooth სისტემით და კონდიცირების ტექნოლოგიით. განახლდება ასევე მისი ძალისმიერი აგრეგატიც, რომელიც ახალი V8 ძრავით აღიჭურვება.

რეპროდუქციის ღირებულება 189,000 დოლარი იქნება, რაც შეიძლება ძალიან გადამეტებულად მოგეჩვენოთ Eleanor-ისთვის, თუმცა თუ გავიხსენებთ იმას, რომ ფილმში გადაღებული ავტომობილი აუქციონზე 1 მილიონ დოლარად გაიყიდა, მისი გათანამედროვებული ვარიანტისთვის ეს თანხა ბევრი სულაც არ არის. ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის ავტომობილს აწარმოებს კომპანია, თუმცა ერთი რამ უკვე დაზუსტებულია, მის შესაძენად 6 თვე ლოდინი მოგიწევთ.

კოკა კვირკველია